თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 11 » ,,ადრე თუ გვიან ყველა ბავშვი იზრდება, ერთის გარდა" - პიტერ პენის რეალური, ტრაგიკული ისტორია
14:50
,,ადრე თუ გვიან ყველა ბავშვი იზრდება, ერთის გარდა" - პიტერ პენის რეალური, ტრაგიკული ისტორია

გამოცანა შესავლის ნაცვლად:
რა არის ის, რაც ყველა ზრდასრულს ენატრება, რაც ყველაზე ტკბილად აგონდებათ და სადაც დაბრუნებაზე ყველა ოცნებობს?
მართალი ბრძანდებით, პასუხია ბავშვობა – ტკბილი, ფერადი, სანატრელი და სადღაც შორს გაფრენილი ბავშვობა.

გაიხსენეთ, დიდებო: რამდენჯერ გიოცნებიათ, სულ ცოტა ხნით მაინც იმ ძველ, ბავშვობის სამყაროში დაბრუნებაზე; რამდენჯერ დაგვიწყებიათ, რომ უკვე დიდები ხართ და საოცრად ტკბილ მოგონებებში გართულს, 5 წუთით მაინც დაგიკარგავთ რეალობის შეგრძნება და სამუდამოდ ბავშვობაში დარჩენა გინატრიათ.

ოცნებები ოცნებებად, მაგრამ ამგვარი ფოკუსის რეალობაში განხორციელება ჯერ არავის მოუხერხებია. არავის, გარდა ერთი პატარა ბიჭუნასი, რომელიც მშობლებს სახლის საკვამურიდან გაეპარა და კენსინგტონის ბაღში ჰპოვა დროებითი სამალავი. ბოლოს კი კუნძულ ნევერლენდში დაიდო ბინა დაკარგულ ბიჭებთან ერთად.

კლასიკური ზღაპარი ამ სიტყვებით იწყება: ,,ადრე თუ გვიან ყველა ბავშვი იზრდება, ერთის გარდა." ჩემი და პიტერ პენის გაცნობა არცთუ ისე ადრე, 11 წლის ასაკში მოხდა. მაშინ თითქმის თანატოლები ვიყავით და კარგად მახსოვს, რომ ძალიან თანავუგრძნობდი პიტერის ნებისმიერ ბავშვურ ახირებას და სასტიკად ვკიცხავდი ვენდის, რომელმაც ნევერლენდში უზრუნველ ცხოვრებას გაზრდა არჩია და მშობლების სახლში დაბრუნდა.

ზუსტად ვიცოდი, მე რომ ამ ძალად დიდი გოგონას ადგილას ვყოფილიყავი, ასე იოლად არ დავთმობდი არც პიტერს, არც დაკარგულ ბიჭებს, არც ენაჭარტალა ქალთევზებს და თქვენ წარმოიდგინეთ – კაპიტან კაუჭასაც კი. კარგად მახსოვს, როგორ ვთხოვდი დედას, ძილის წინ ფანჯარა არ დაეხურა, ეგება და უგზო-უკვლოდ ცაში მოსეირნე პატარა ბიჭუნას, რომელსაც გულში პირველ და უკანასკნელ სიყვარულად მოვიხსენიებდი, ჩემს ფანჯარაშიც შემოეჭყიტა და სულ შემთხვევით, ჩრდილი დაეკარგა.

წლები გავიდა, ბავშვური სიყვარული გაფერმკრთალდა, ღია ფანჯარა თანდათან მიიხურა და უსასრულო მოლოდინმა ახალ ოცნებებს დაუთმო ადგილი. მაგრამ არ გამქრალა ერთი – მოგონებები თავისნათქვამა, ჯიუტ ბიჭუნაზე, რომელსაც ეყო ძალა, წინ აღდგომოდა ყველა კანონზომიერებას და არასდროს გამხდარიყო დიდი. წლებმა და მოგონებებმა ამ იდუმალ პერსონაჟზე მრავალი კითხვა წარმოშვა და როგორც იქნა, დადგა ის დრო, როდესაც პიტერ პენის საიდუმლოსთვის ფარდა უნდა ამეხადა.

დავიწყე გამოძიება. მოგეხსენებათ, საკმარისია, ადამიანმა ერთხელ მაინც დაასველო სიტყვა რამე ამბავზე, რომ მაშინვე გამოქვეყნდება და გამომზეურდება ინტერნეტმომხმარებელთა წინაშე. აქ დაფარული და გასაიდუმლოებული არაფერია, ყველაფერი მარტივადაა: ერთმა იცის – ბევრმა იცის.

ძიება პერსონაჟის ავტორისა და მამობილის – ჯეიმს მეთიუ ბარის ბიოგრაფიაში ქექვით დავიწყე და მალევე გადავაწყდი ჩემთვის საინტერესო და საგულისხმო ფაქტს.
როგორც ამბობენ, ნებისმიერი ფობია, აკვიატებული აზრი თუ იდეა, ბავშვობაში იღებს სათავეს. 6 წლის ასაკში პატარა ჯეიმსს გარდაეცვალა 13 წლის ძმა, დევიდი, რომლის სიკვდილიც დედამ მძიმედ გადაიტანა და ღრმა დეპრესიაში ჩააგდო. მან თავად გამოიგონა უხილავი მფრინავი ბიჭი, რომელიც არ იზრდებოდა და მუდამ მასთან იყო. თუმცა, დედის გარდა, ამ ბიჭის არსებობას სხვა ვერავინ ამჩნევდა.

საყვარელი დედისათვის მწუხარების შესამსუბუქებლად ჯეიმსი გარდაცვლილი ძმის ტანისამოსს იცვამდა, მასავით იქცეოდა, ლაპარაკობდა და ასეთი ხერხით ცდილობდა ოჯახის მძიმე დანაკლისის კომპენსირებას. შეიძლება ითქვას, რომ პატარა ჯეიმსმა 6 წლის ასაკში დაკარგა საკუთარი ბავშვობა და სხვისი ცხოვრებით გააგრძელა არსებობა. მისი ბიოგრაფები და ლიტერატურის კრიტიკოსები სწორედ ამ პერიოდში ხედავენ პიტერ პენის პერსონაჟის ჩამოყალიბების პირველ ნიშნებს.

მოგვიანებით, ბავშვობადაკარგული, მაგრამ უკვე გაზრდილი მწერალი უახლოვდება სილვია და არტურ ლეველინ დევისების ოჯახს და განსაკუთრებით, მათ 5 შვილს: ჯორჯს, ჯონს, პიტერს, მაიკლს და ნიკოს. ,,ბიძია ჯეიმსი" დევისების უახლოესი მეგობარი ხდება, მშობლების გარდაცვალების შემდეგ კი – ობლად დარჩენილი ბიჭუნების მეურვე. ლიტერატურული თვალსაზრისით, ჯეიმსისა და ბიჭების ურთიერთობა და თამაშები ზუსტად აისახა პიტერისა და მისი მეგობრების ნევერლენდურ გართობაში. ასე რომ, პიტერ პენის თავგადასავლები რაღაც ,,ოჯახური ზღაპრების" ხასიათს უფრო ატარებდა.

სწორედ ეს ბიჭუნები იქცნენ დაკარგული ბავშვების პროტოტიპებად, ხოლო რაც შეეხება პიტერ პენს – ფიზიკური თვალსაზრისით, მასთან ყველაზე უფრო ახლოს მაიკლ დევისი დგას. ამის მტკიცების საფუძველს ჯეიმს მეთიუ ბარის მიერ კენსინგტონ გარდენში, ღამით, ყველასაგან მალულად წამოდგმული პიტერ პენის ქანდაკება გვაძლევს, რომელიც პატარა მაიკლ დევისის ზუსტი ასლია. სხვათა შორის, თავის დროზე, ამ თვითნებური საქციელისთვის ბარს პასუხი მოსთხოვეს და თვითრეკლამაში დასდეს ბრალი, მაგრამ შემდეგ აპატიეს და ქანდაკება დღემდე იკავებს უცვლელ ადგილს.

საინტერესო ისტორია აქვს ვენდის პერსონაჟის სახელსაც. როგორც ამბობენ, ბარის ნაწარმოების გამოსვლამდე სახელი ვენდი არ არსებობდა. სამაგიეროდ, წიგნის გამოსვლის შემდეგ დიდი პოპულარობა მოიპოვა და ფართოდაც გავრცელდა. პატარების დიდ მეგობარ ჯეიმს მეთიუ ბარს ადგილობრივი ბავშვები მეტსახელ friendy–თი მიმართავდნენ; ერთი პატარა გოგონა კი ვერ გამოთქვამდა კარგად სიტყვა ,,ფრენდის" და მუდმივად ეძახდა ,,ვენდის". სწორედ აქედან დაედო საფუძველი ,,პიტერ პენის" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟი გოგონას სახელს.

დავუბრუნდეთ ისევ ბიძია ჯეიმსსა და ბიჭებს და ვნახოთ, როგორ განვითარდა მათი შემდგომი ცხოვრება. სამწუხაროდ, ტრაგიკულის გარდა, მათ ბიოგრაფიაში ბევრს ვერაფერს წავაწყდი. ვფიქრობ, უკვე შეამჩნევდით მსგავსებას ლეველინ დევისის ბიჭებსა და დაკარგული ბავშვების სახელებს შორის. უმრავლესობა ისევე ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს, როგორც მთავარი გმირისა და პიტერ დევისის სახელები. ალბათ, ერთადერთი არ იქნებით, ვინც ამგვარი პარალელები გაავლო და შეთხზულსა და რეალურს შორის თავგზა აებნა, რადგან საკუთარი პიროვნების გამოგონილ პერსონაჟთან გაიგივებამ, პრაქტიკულად, შიზოფრენიამდე მიიყვანა პიტერ ლეველინ დევისი და რეალობის შეგრძნება დააკარგვინა. მდგომარეობა უფრო დამძიმდა ჯეიმს მეთიუ ბარის გარდაცვალების შემდეგ (1937 წ.).

მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლომ არ მიანიჭა პიტერს არანაირი უფლება ბარის უკვდავ ნაწარმოებზე, რამაც ღრმა დეპრესიაში ჩააგდო და 1960 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მატარებლის რელსებში. რაც შეეხება დანარჩენ ძმებს: მაიკლ ლეველინ დევისი 21 წლის ასაკში და ფრიად უცნაურ ვითარებაში, მეგობარ რუპერტ ბაკსტონთან ერთად დაიხრჩო სენდფორდის აუზში; უფროსი ძმა – ჯორჯ ლეველინ დევისიც ასევე 21 წლის ასაკში იღუპება პირველი მსოფლიო ომის დროს. ამ პერიოდში ის უკვე ითვლებოდა მიმდინარეობა ,,სიკვდილი ყველაზე დიდი თავგადასავალია"-ს ფუძემდებლად.

მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ოჯახს უცნაური და ტრაგიკული ბედი ბოლომდე სდევდა თან, რადგან მათმა უმრავლესობამ, ნებსით თუ უნებლიეთ, ბოლომდე მაინც ვერ დააღწია თავი წარსულის აჩრდილებს და სამუდამო პიტერ პენად დარჩა. ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტად, პიტერ დევისს ვგულისხმობ, რომელმაც უარი თქვა რეალურ, ზრდასრულ ადამიანად ქცევაზე და წარსული მოგონებების ილუზიებს გადაჰყვა. საგულისხმო ფაქტია, რომ შემდგომში ზრდასრული ადამიანის, უმთავრესად, მამაკაცების ამგვარ სულიერ მდგომარეობას პიტერ პენის სინდრომი ეწოდა. ამ ზღაპრული ტერმინით საკმაოდ მძიმე და ხშირ შემთხვევაში, უკურნებელი ფსიქოლოგიური პრობლემა მოიხსენიება.

გასული საუკუნის 80-იან წლებში ამერიკელმა ფსიქოლოგმა დენ კაილიმ საკუთარ წიგნში – ,,მამაკაცები, რომლებიც არ გაიზარდნენ", გამოიყვანა თანამედროვე პიტერ პენის ზუსტი და ჩამოყალიბებული სახე. საუბარია ადამიანზე, რომელიც ჯიუტად ცდილობს, დარჩეს სამუდამო ბავშვად და პათოლოგიურად ეშინია გაზრდის.

მეთიუ ბარის უკვდავი პერსონაჟის მსგავსად, თანამედროვე პიტერ პენებიც არიან: სიმპათიურები, აქტიურები, სიცოცხლისმოყვარე და რისკიანი ტიპები, რომელთა ძირითადი მისწრაფებაა: გართობა, თამაში და მხოლოდ დადებითი ემოციების მიღება. ასეთი ადამიანები მარადმწვანე ბავშვებად რჩებიან, მიუხედავად იმისა, თუ რა ასაკს აჩვენებს მათი პირადი მონაცემები. მათ არ ძალუძთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, სხვაზე ზრუნვა ან მჭიდრო სოციალური კავშირების დამყარება, რადგან თავად არიან ზრუნვის საგნები; არ სურთ რეალობის აღქმა და პრობლემებზე ფიქრი, გამოსავალს კი ვარდისფერი სათვალის პოლიტიკაში ეძებენ.

დამეთანხმეთ, რომ სიმართლე და წიგნს მიღმა ცხოვრება ძალიან სევდიანი აღმოჩნდა! ალბათ, ბევრი თქვენგანი, ისევე, როგორც მე, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ამ საყვარელი ზღაპრის პროტოტიპები და გმირები რეალურ ცხოვრებაში ასეთი ტრაგიკული ბედისა აღმოჩნდებოდნენ და ,,პიტერ პენი" ერთგვარ ბედისწერად იქცეოდა მათთვის, მაგრამ როგორი მწარეც უნდა იყოს სიმართლე და როგორი ბუნდოვანიც ზრდასრული მომავალი – მე მაინც მიყვარხარ, პიტერ პენ!



 


მიმაგრება:
ნანახია: 1048 | დაამატა: happy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რა კატეგორიის საიტზე შედიხართ ყველაზე ხშირად?
სულ პასუხი: 124