ბეთანიის მონასტერი - 19 ოქტომბერში 2012 - საიტები

თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 19 » ბეთანიის მონასტერი
14:29
ბეთანიის მონასტერი

თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სავანე. საკვირველი, სასწაულებრივი ადგილია ბეთანია! იგი თითქოს დროითა და სივრცითაც მოშორებია წარმავალ ცხოვრებას. აქ ჯერაც არ არის ელექტროობა, რადიო, ტელევიზორი, წყალგაყვანილობაც კი. ყველაფერი ისეა, როგორც ათასი წლის წინათ როდესაც აქ პირველად ფუძნდებოდა მონასტერი.

უდიდესმა ქარიშხლებმა გადაუარა თავს ღვთის ამ სავანეს: სარწმუნოების უსასტიკესი დევნის 70-წლიან პერიოდში სწორედ მონასტრები განიცდიდნენ დევნა-შევიწროებას: ბერ-მონაზონთა უმრავლესობა დახვრიტეს, გადაასახლეს, ცოცხლად დარჩენილნი კი უმძიმეს შეჭირვებასა და შეურაცხყოფას ითმენდნენ. მაგრამ უდიდესი განსაცდელის დროსაც ბეთანიის მონასტერი მდიდარი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდა. აქ ძლიერად კაშკაშებდა ლოცვითი კანდელი - ორი ბრძენი სულიერი მოძღვარი - განუწყვეტლივ აღუვლენდა ღმერთს ლოცვა-ვედრებას. აქ არასოდეს შეწყვეტილა საღმრთო ლიტურგიის აღსრულება, ნათლობა, ჯვრისწერა, ღვთის სიტყვის ქადაგება.

ბეთანიის მონასტრის ისტორია საიდუმლოებით არის მოცული. უცნობია იმ მამათა სახელებიც, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში მოსაგრეობდნენ აქ.

მონასტრის ისტორიინად

XI საუკუნეში სავანე უკვე არსებობდა, როგორც დიდი ფეოდალების - ორბელიანებისათვის აშენებული განსასვენებელი. ბეთანიის ტაძარი, სავარაუდოდ, XII საუკუნის მიწურულს - XIII საუკუნის პირველ წლებში აიგო, წმიდა კეთილმსახური მეფის, თამარის ზეობისას. მის ადგილას უფრო ძველი და პატარა აგურის საყდარი იდგა, რომელიც X თუ XI საუკუნეს განეკუთვნებოდა. გადმოცემით, წმიდა მეფე თამარი ხშირად ჩამოდიოდა ზაფხულობით ბეთანიაში, რათა სულიერად მოესვენა, განმარტოებულიყო და მთლიანად ლოცვა-ვედრებას მისცემოდა. ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე დიდი ფრესკაა - მეფეთა პორტრეტები. სწორედ აქ არის წმიდა მეფე თამარის ფრესკა. ტაძრის სამხრეთ კედელზე ბერის შესამოსელითა და ტაძრის მოდელით ხელში გამოხატულია ქტიტორის დიდი პორტრეტი - ეს არის სუმბატ მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი. იგი სამეფო კარის სხვა დიდებულებთან ერთად აუჯანყდა მეფე გიორგი III-ს. გადმოცემით, სიცოცხლის ბოლო წლები ყოფილმა დიდებულმა, აწ კი სიმდაბლით აღვსილმა ბერმა სიმონმა (სუმბატ ორბელიანი) საგვარეულო საძვალეში - კარიბჭის ქვეშ მოთავსებულ აკლდამაში გაატარა და აქვე აღესრულა კიდეც.

მონასტერში იმის კვალიცაა შემორჩენილი, რომ ბევრჯერ მისულა იგი სრული მივიწყებისა და გაქრობის პირას. დიდი ხნის მანძილზე იგი სრულიად მიტოვებული იყო.

XIX საუკუნის მიწურულს ბეთანიაში კვლავ მოვიდნენ ბერები და დანგრეულის აღდგენა დაიწყეს. არ ჰყოფნიდათ სახსარი და გზაზე დიდი ყულაბა დადგეს ასეთი წარწერით: „შეეწიეთ მონასტერს!“ აი, ასე, ხელახლა ააშენეს ყოველივე, სავანემაც კვლავ დაიწყო აღორძინება. როცა თავისთვის საცხოვრებელს აგებდნენ, კარიბჭის შორიახლოს ბერებმა დიდი სამარხი ნახეს - საერთო საფლავი, სადაც ერთად ეწყო ძვლები და თავის ქალები. მათგან ბევრს წმიდა ცვილისფერი ჰქონდა კვლავაც. ეს კი, როგორც აღიარებულია, ამ ადამიანთა ცხოვრების სიწმიდეს მოწმობს. ჩვენთვის ცნობილი არ არის, ვინ არიან ეს ადამიანები, ალბათ, ცხოვრებისეულ შემთხვევითობას არ შეუკრებია ეს ნაწილები ერთ საფლავში. სწორედ მათ თავზე დგას წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის საყდარი.

აი, სულ ეს ვიცით სავანის ისტორიიდან. არსებობს კიდევ ერთი ძველი გარდამოცემა, თუ როგორ ააგეს ტაძარი საკუთრივ ამ ადგილას, მთის ძირში. ამბობენ, რომ თავდაპირველად მის აშენებას მდინარე სამადლოს მეორე მხარეს აპირებდნენ. ეს საკმაოდ ლამაზი ადგილია, და ტაძარიც, აქ რომ აშენებულიყო, ყოველმხრივ გადახედავდა გარემოს, მაგრამ ასე როდი სჯიდა საღმრთო განგებულება! გადმოცემით, მშენებლებს უკვე სამშენებლო მასალებიც აუტანიათ იმ თხემზე, მაგრამ ერთ დილით აღმოაჩინეს, რომ სამშენებლო მასალები სადღაც გაქრა! დაიწყეს ძებნა და ხეობის ფსკერზე იპოვნეს ისინი, ერთად დაწყობილი მთის პატარა ბექობზე. ყველად ერთხმად განადიდა ღმერთი და მონასტრის შენება ახალ, სასწაულით მითითებულ ადგილას დაიწყეს. შესაძლოა, ღვთის განგებამ გაითვალისწინა მისი მომავალი მნიშნველობა განსაკუთრებით, ჩვენი, ბოლო ჟამისათვის, როცა ბერ-მონაზვნებს ყველაზე მეტად შეჰფერით და ესაჭიროებათ განშორება ვნებებით შეპყრობილი ამა ქვეყნისაგან, მისი ამაოებისა და საცდურისაგან.

ტაძრის არქიტექტურა და მოხატულობა

ბეთანიის შესახებ თითქმის არაფერს მოგვითხრობენ ისტორიკოსები, დუმს მატიანეც, მაგრამ მის წარსულზე მეტყველებენ ტაძრის ძველი ფრესკები, ქვაში ამოკვეთილი ჩუქურთმები და წარწერები, არქიტექტურის მკაცრი ფორმები, ყოველ ნაბიჯზე აღმოჩენილი ძველ მკვიდრთა ნეშტნი. ოდესღაც მონასტრის ვრცელი ტერიტორია მასიური გალავნით იყო შემოზღუდული, ტყეში ახლაც შეხვდებით ქვიტკირის ლოდებს. მაგრამ ამჟამად ძველი სავანიდან შემოგვრჩა მხოლოდ ღმრთიმშობლის შობის დიდი გუმბათიანი ეკლესია, კარიბჭითა და დიდებული მოხატულობით შემკული, აგერთვე წმიდა დიდმოწამე გიორგის მცირე დარბაზული ეკლესია, აგებული 1196 წელს და კოშკის თაღოვანი შესასვლელი, რომლის ზედა სართულში, შესაძლოა, სამრეკლო იყო.

მთავარი ტაძარი წარმოადგენს ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას, რომლის მრავალსარკმელიანი გუმბათი ეყრდნობა დასავლეთით ორ თავისუფლად მდგომ სვეტსა და საკურთხევლის შვერილ კედლებს. გუმბათის სიმაღლე 27 მეტრია. ტაძრის მოხატულობა სანახევროდაა შემორჩენილი. მისი ზემოთა ნაწილი მთლიანად წაიშალა, ქვემოთ კი ფრესკები ადგილ-ადგილ არის შემონახული. მხატვრობის სქემა XII საუკუნის ქართული ტაძრებისათვის სამკაოდ უჩვეულოა. ღმრთისმშობლის ეკლესიის საკურთხევლის კონქში უფრო ხშირად „ღმრთისმშობლის დიდებას“ გამოსახავდნენ, ბეთანიაში კი „საყდარზე მჯდომი მაცხოვარი“ იყო გამოსახული (შემორჩენილია მხოლოდ მისი ქვედა ნაწილი). მაცხოვრის ქვემოთ გამოსახულნი არიან წმიდა წინასწარმეტყველები, რაც ასევე უჩვეულოა იმ დროის მხატვრობისათვის. მკვლევარნი ვარაუდობენ, რომ აბსიდის მოხატულობა უფრო ძველია, ვიდრე ტაძრის სხვა ფრესკები და შესაძლოა მიეკუთვნებოდეს ძველ ტაძარს, რომელიც XII საუკუნეში გადააკეთეს დიდ გუმბათოვან ეკლესიად, ისე, რომ საკურთხევლის ნაწილი და დასავლეთის კარიბჭე ხელუხლებლად დატოვეს. ეტყობა, თავდაპირველი ტაძარი არ იყო ჯვარ-გუმბათოვანი და ალბათ X საუკუნეს განეკუთვნებოდა. შესაძლოა, უწინდელი ბეთანიის ტაძარი რომელიმე საუფლო დღესასწაულს ეძღვნებოდა. თუმცა ეს მხოლოდ ისტორიკოსთა ვარაუდია, სინამდვილეში კი, საიდუმლოებითაა მოცული: პირველად როდის დაარსდა აქ მონასტერი, ვინ ააგო და მოხატა ტაძარი, შემდეგში სუმბატის დროს როგორ გადააკეთეს, რა ვითარებაში დაასრულეს მისი მოხატვა თამარის დროს, რამდენმა თაობამ იღვაწა ამ მშვენიერი ქმნილების სრულყოფისათვის.

ოდესღაც ბეთანიის მოხატულობა არაჩვეულებრივად მდიდრული და მშვენიერი იყო - ფრესკების ყველა საღებავი ძალზე ძვირფასია, ფერები ცოცხალი და ღრმაა: მკვეთრი ალისფერი სინგური, ბევრია - იშვიათად მკვეთრი, ლამაზი, მუქი-ლურჯი ფერის ლილა-ქვა (ამ ფერითაა შევსებული თითქმის ყველა ფრესკის ფონი ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში), აურიპიგმენტი, ჟანგმიწის მდიდრული ნაკრები, ოქრო - მეფეთა პორტრეტებზე. საერთოდ ღრმა, მრავალგვაროვან ფერთა დიდებული პალიტრააა. ოდესღაც აქ მხოლოდ ათორმეტი დღესასწაული კი არ იყო წარმოდგენილი, არამედ ზედმიწევნით იყო გამოსახული უფლის ვნებისა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის დღესასწაულთა ციკლები.

სამხრეთის კედელზე შემორჩენილია წინასწარმეტყველთა გამოსახულებანი მათ მიერ წინასწარ უწყებულ პირველსახეებთან ერთად, რომლებიც სიმბოლურად ღვთისმშობელს გამოსახავენ. ეს არის ყველაზე ადრეული განვრცობილი ციკლი, რომელიც დღეისათვის შემორჩენილი ცხრა გამოსახულებისაგან შედგება. სხვა ტაძრებში იგი მხოლოდ XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩნდება. შესანიშნავი და თავისებურად უნიკალურია მოცეკვავე დავითის გამოსახულება მკვეთრი სინგურის ფერის სამოსით, გვერდით სჯულის კიდობნითა და ზეციური მანანით სავსე ტაკუკით. კარგად არის შემონახული გამოსახულება „ეზეკიელი დახშულ ბჭეთა წინაშე“, მოჩანს „გედეონი საწმისითა და ფიალით“, „მოსე და მაყვალი შეუწველი“, „იაკობის კიბე“, „აარონი განედლებული კვერთხით“, „დანიელი მთის წინაშე“, „სამი ყრმა ბაბილონის სახმილში“.

გამომხატველობის საოცარი ძალითა და იმ დროისათვის იშვიათი ხატწერით გამოირჩევა გამოსახულებანი ჩრდილოეთის მკლავის სარკმელებში: „იუდა ოცდაათ ვერცხლს რომ იღებს“, „საიდუმლო სერობა“ მაგიდის თავში მჯდომი ქრისტეთი, რომელიც იუდას პურის ნატეხს გადასცემს; აგრეთვე „ფერხთბანა“, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი. ეს ფრესკები დახატულია უჩვეულოდ მსხვილად, მასშტაბურად და თავისუფლად, მაგრამ მკაცრად და ლამაზად. ჩრდილოეთის მკლავში, სადაც თანაბარი და ცივი განათებაა, ფერების უფრო თავშეკავებული გამაა მოცემული; სამხრეთში კი განათება თვალისმომჭრელია, ფერები უფრო მკვეთრია. ასეთი გამოსახულება უფრო ძლიერად იპყრობს დამკვირვებლის ყურადღებას. აქვეა სიმშვენიერით უიშვიათესი გამოსახულება - „იესოს ლოცვა გეთსიმანიის ბაღში“, დინამიურობით აღსავსე გამოსახულება - „იუდას გამცემლობა“, „მონანული პეტრე“, რომელიც მღვდელმთავრის მსახურებთან ერთად ცეცხლთან თბება, „პილატე, რომელიც ხელებს იბანს“.

ჯვარცმის გამოსახულებანი გავრცობილია ისტორიული დეტალებით. აქ ერთი წვრილმანიც კი არ ჩანს გამოტოვებული. მაგალითად, გამოსახულია ჭურჭელი ძმრით, გამსკდარი კლდეები, გაპობილი კრეტსაბმელი. მომცრო ტანის კაცს, რომელიც ჯვარს ამაგრებს, ფიგურა რაღაც უცნაურად აქვს შებრუნებული, რაც ერთი შეხედვით შეუმჩნეველია: ხელები მას გადაადგილებული აქვს - მარცხენა ხელს მარჯვენას ფორმა აქვს, და პირიქით, მარჯვენას - მარცხენისა; ეს დეტალი ნათლად ასახავს თუ რა უსჯულოებას სჩადიან აქ გამოსახული ადამიანები. შემდეგააა: „გარდამოხსნა“, „დატირება“. ამ გამოსახულებებს მათი განწყობილებით, გადაწყვეტის მუსიკალურობითა და სიმშვენიერით ტაძრის მთელ მოხატულობაში ბადალი არ მოეძებნება.

დასავლეთის კედელზე, სარკმელთა წირთხლებზე შემორჩენილია ქრისტეს სასწაულმოქმედებათა ამსახველი გამოსახულებები: „ეშმაკეულთა განკურნება“, „ბრმის განკურნება“, ქვემოთ - კომპოზიცია „სამოთხე“, სამხრეთით - „აბრაამის წიაღი“, მოპირდაპირე მხარეს, ჩრდილოეთით - „გამზადებული საყდარი“ და მისკენ მიმავალი მართლათა დასი; ანგელოზები, რომლებიც ადამიანთა ცოდვებს წონიან; ცხოველები, რომლებიც მკვდრებს გადმოანთხევენ, ანგელოზები, ჯოჯოხეთში რომ აგდებენ ცოდვილთ; მოჩანს ცეცხლოვანი მდინარიდან გამოყოფილი მუჰამედის თავი. ჯერ კიდევ შეიძლება გარჩევა გამოსახულებისა „ჰეროდეს ლხინი“ სალომეას ცეკვითურთ; შემორჩენილია უნიკალური ფრესკა, რომელზეც „მარიამ მეგვიპტელის ზიარებაა“ გამოსახული.

საკურთხეველში ნაწილობრივ შემორჩენილია საყდარზე მჯდომი მაცხოვრის ქვემოთ გამო, სახული რიგი წინასწარმეტყველებისა, ეს ტაძრის ყველაზე ძველი მოხატულობაა (შესაძლოა X საუკუნის), ქვემოთ მოციქულებისა და მღვდელმთავრების რიგებია. ეს ორი რიგი გადახატულია XIV ან XV საუკუნეში, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველა კონტური უწინდელი მოხატულობის ნახაზს იმეორებს. სიმშვენიერითა და მოხდენილობით საოცარია საკურთხევლის ნაწილის ორნამენტები: უწყვეტ ჯაჭვად თაღისებრ ზემიიწევს ამქვეყნიურ სამყაროში არნახული, სამოთხისებრი ყვავილის ხვეული; ყვავილედის ყოველი ფოთოლი, ყოველი კოკორი დახვეწილად არის შესრულებული; და ის ყვავილებიც, რომლებიც თაღის უმაღლეს ნაწილშია და შეუიარაღებელი თვალით ძნელი გასარჩევია, არანაკლებ გულმოდგინებით არის დახატული. ცხადია, ხატმწერი უპირველეს ყოვლისა უფლისათვის ქმნიდა და არა კაცთა საამებლად. ასევე საკურთხევლის სარკმელთა წირთხლებზე, ისეთ ადგილებში, სადაც იშვიათად თუ ვინმე შეიხედავს, მთელი საოცრებაა დახატული: შესანიშნავი არშიაა ლურჯი და ალუბლისფერ-წითელი ყვავილედებისა, შავ-ლურჯ, ფირუზისფერ და სინგურის ფონზე დახვეწილად შესრულებული თეთრი ძარღვით.

ადგილ-ადგილ, ორნამენტების წნულსა და კომპოზიციის კიდეებში შემორჩენილია ძველ ოსტატთა ავტოგრაფები; ოღონდ მათ შთამომავალთაგან მოსახსენიებლად როდი აღუბეჭდავთ აქ თავიანთი სახელები! წმიდა ხატმწერმა ბერებმა ჩვენ დაგვიტოვეს თავიანთი ლოცვითი განცდა, ღრმა რელიგიური გრძნობები, რითაც მათი სულები იყო აღსავსე, რამეთუ „ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყჳნ“ (მათ. 12, 34). ზოგან წვრილი ასოებით ჩაწერილია მცირე ლოცვა, ზოგან ფსალმუნიდან ესა თუ ის მუხლი. ხატმწერი წერდა გამოსახულებებს, ლოცულობდა, ზოგჯერ შეჩერდებოდა და სულიერ განცდებში იძირებოდა, - ამ დროს იგი იმავე საღებავით, რაც ფუნჯზე იყო, კედლებზე ტოვებდა ოდნავ შესამჩნევ ნახატს ან წარწერას, თავისი ფარული ფიქრებისა და განწყობილების გამოძახილს. ამ ავტოგრაფებმა ჩვენამდე ორი ხატმწერის სახელი შემოინახა, რომელთაც XII საუკუნეში მოუხატავთ ბეთანიის ტაძარი, მაგრამ არა მარტო სახელები: მათ გაიცილებით უფრო მეტი რამ შემოგვინახეს. ისინი ჩვენ ამ ნეტარი სულების საოცარი სულიერი სიღრმესა და უდიდეს ქრისტიანულ სიმდაბლეს განგვიცხადებენ. ორნამენტული ყვავილის შუაგულში, რომელიც მაღალ დასაჯდომელს ამკობს, თითქმის მძივისებრი ასოებით, თეთრი საღებავით შესრულებულია წარწერა: „ქრისტე, შეიწყალე დემეტრე“, გვერდით ორნამენტულ ზოლში, როგორც ჩანს, მისივე ლოცვაა: „არა მარტო ვარ, შავპირი ჭეშმარიტად. მსაჯულო ყოველთაო, ნუ მარტო მქმენ ყოველთ ქრისტიანეთა წმიდათა შენთაგან“.

მეორე მხატვარმა წარწერა დატოვა სამხრეთის მკლავის დასავლეთ სარკმლის აღმოსავლეთ წირთხლზე, აარონის გამოსახულების ქვედა ნაწილში, აყვავებულ ბალახთა შორის: „უფალო ნუ შეუნდობ სოფრომს“. გვერდით კი შავი საღებავით შესრულებულია მხატვრის პატარა ფიგურა ბერულ ანაფორაში, რომელიც წინასწარმეტყველის ფერხთით არის მუხლმოდრეკილი, ეს ტაძრის მომხატველთაგან ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარია. იგია წინასწარმეტყველთა და საიდუმლო სერობის ავტორი. მანვე დაგვიტოვა კიდევ უფრო მეტად უცნაური ავტოგრაფი: იმავე სარკმლის დასავლეთ მხარეს, წმიდა დანიელ წინასწარმეტყველის ფერხთით, წითელი საღებავით, ფუნჯის ერთი მოსმით დახატულია სწრაფად მიმავალი ბერის ფიგურა ჯვრით მარცხენა ხელში, რომელიც კვარცხლბეკზე მდგარ ჯვრისაკენ მიემართება. ჯვარსა და ფიგურას შორის გამოსახულია ჯვარცმული მაცხოვარი, გადმოცემული მხოლოდ ნიმბითა და ქრისტეს ჭრილობათგან მომდინარე სისხლის წვეთებით.

„უფალო ნუ შეუნდობ სოფრომს!..“ რა მიუწვდომელი თავმდაბლობაა! წმიდა მამები ამბობდნენ: „განიკითხე საკუთარი თავი, და ღმერთი განგამართლებს შენ“. დიახ! ჩვენს ამპარტავნულ დროში ვერ შეხვდები ასეთ წარწერებს. ძველი წმიდა მხატვრები თავიანთ უბადლო შედევრებს რომ ქმნიდნენ, არც კი ფიქრობდნენ საკუთარი სახელების უკვდავყოფაზე: რა დიდად განსხვავდებიან ისინი ჩვენი თანამედროვეებისაგან!

ჩვენს დროში ჩვეულებად იქცა მიტოვებული ტაძრის კედელზე ან რომელიმე ძველ ფრესკაზე ლურსმნით ან აგურის ნატეხით საკუთარი სახელების დიდი ასოებით ამოკაწვრა. რა დიდი უაზრობაა, რა საშინელი სნეულებაა ჩვენი დროისა - სურვილი იმისა, რომ ყოველნაირი საშუალებებით აღბეჭდონ, „უკვდავყონ“, სხვებს მოახვიონ თავს საკუთარი „მე“, დაიყვირონ „მე ვარ, მე - ესა და ეს, მეც ვიყავი აქ!“ რამდენნი არიან ასეთი უბედური სულები, რომელნიც დაუკმაყოფილებელი თავმოყვარეობისაგან იტანჯებიან და სწყურიათ, როგორმე დაამახსოვრონ თავი სხვებს, თავისი სახელები ჩაწერონ ამ წუთიერ სოფელში.

მხოლოდ ქრისტიანობა ათავისუფლებს ადამიანს ამ ავადმყოფური მოთხოვნილებისაგან - გადაჰყავს თავისი შვილები ამ წარმავალი, თითქმის ილოზორული სამყაროდან წარუვალი სიხარულის სამყაროში, მუდმივ, უხრწნელ და დაუსრულებელ ყოფაში. ქრისტიანული ტაძრების თვით ეს ღრმად შინაარსიანი, დახვეწილი, არაამქვეყნიური სიმშვენიერე მხოლოდ სუსტი გამოძახილია, მსუბუქი შეხება და ანარეკლია მარადიული ცხოვრებისა, ხარებაა ღმრთის დიდების მომავალი სუფევისა. ამქვეყნად ეს ხარებანი ზეციდან ცხადდებიან და დროში ილევიან, თითქოსდა საოცარი გამობრწყინებანი არამიწიერი ნათლისა. ასე განვლო და მიილია, და კვლავ ზეცას დაუბრუნდა დიდებული სიმშვენიერე ბეთანიის მონასტრისა, მაგრამ მას ჯერ კიდევ ძალუძს მრავლის თქმა იმ სულისათვის, რომელიც ზეციურ სიმშვენიერეს ეძიებს.

როცა დღეს ღმრთისმსახურებაზე დგახარ ნახევრად ცარიელ ტაძარში და შეჰყურებ გახუნებულ ფრესკებს, წარმოსახვა უნებლიედ ხატავს მათ უწინდელ დიდებულებასა და სიმშვენიერეს, მთელ მდიდრულ შემკულობას, მამათა დასს, მოწიწებით რომ უსმენენ ღმრთისმსახურების ძველ საგალობლებს, ღირს იღუმენს საკურთხეველში მღვდელმონაზვნებთან ერთად, სადღაც ჩრდილოეთის სვეტთან მდგარ სამეფო პირებს: ოდესღაც თვით თამარ მეფეც იდგა აქ... და უეცრად, რა უბადრუკად, საწყლად და დაცარიელებულად მოგეჩვენება ჩვენი დღევანდელი დრო! როგორ მოუძლურდა და გაუფერულდა ჩვენი რწმენა! ძველი ფრესკები სულ უფრო და უფრო ფერმკრთალდება და ქრება. შავი კონტურები ჩამოშლილია და გათეთრებული: თეთრია თვალის გუგები, თეთრია წარბები, ბაგეთა ჭრილი, თეთრია „ჩრდილები“ სახეებზე, თითქოს წმიდა გამოსახულებანი ნეგატივებად ქცეულანო. იქნებ ეს იმის გამო მოხდა, რომ ჩვენი სამყარო ნეგატიური გახდა სიწმიდეთა მიმართი

ჩვენ, თანამედროვე ქრისტიანები, იმ გლახაკებს ვგავართ, რომელნიც დიდი ლხინის დამთავრების შემდეგ მიიწვიეს სატრაპეზოში სუფრიდან ნამცეცებისა და ნარჩენების ასაკრეფად. დღესასწაულზე მიწვეული სტუმრები, მხიარულებისა და მიღებული ძღვენის შემდეგ, პატივდებულნი დაბრუნდნენ სახლებში. ჩვენთვის ლხინი არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ სახლის მეუფის დიდი მოწყალებით დაგვრთეს ნება ავიღოთ ის, რაც სადილის შემდეგ დარჩა, და ჩვენ მხოლოდ ამ ნარჩენებისა და ოდესღაც ბრწყინვალე მორთულობის ზოგიერთი საკვირველი საგნის მიხედვით შეგვიძლია მივხვდეთ, თუ როგორი საოცარი მოვლენები აღსრულებულა აქ. მაგრამ ამ დიდი სიკეთისთვისაც გულწრფელად უნდა ვმადლობდეთ სახლის მეუფეს, ვმადლობდეთ, იმისათვის, რომ მართალია მდიდრული არაა ჩვენი ტრაპეზი, მაგრამ მაინც დანაყრებულნი ვართ და შიმშილით არ ვკვდებით.

დიდება ღმერთს ყოველივესთვის!

ბეთანია XX საუკუნეში

საოცარია, რომ ბეთანია, რომელიც XIX საუკუნის დასასრულამდე ყველასაგან მივიწყებულ, საუკუნოვან ნანგრევებსღა წარმოადგენდა, სანამ მიტოვებული ტაძარი ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა გრიგოლ ორბელიანმა. სწორედ ამ საზარელი ათეისტური ქარიშხლის წინ იწყებს აღორძინებას და ამიერიდან იგი მოქმედი მონასტერი ხდება.

მონასტრის პირველი აღმდგენელი იყო მღვდელმონაზონი სპირიდონი (კეთილაძე). იგი აქ სრულიად მარტო ამოვიდა და მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც ბეთანიაში დაჰყო, საიმედო თანამდგომთა გარეშე იღვაწა. 1894-96 წლებში მან დიდი გაჭირვებით მოახერხა, საკმარისად გაემართა სავანე იმისათვის, რომ მცირერიცხოვანი ძმობისათვის საცხოვრებლად გამოსადეგი ყოფილიყო. მას ეხმარებოდა პატარა გლეხის ბიჭი, ვასილ მაისურაძე, შემდგომში არქიმანდრიტი იოანე, რომელიც ათონის მთიდან გამოძევების შემდეგ, 1921 წლიდან საბოლოოდ დამკვიდრდა ბეთანიის მონასტერში და გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა იქ არქიმანდრიტ გიორგისთან (მხეიძესთან) ერთად. ბერებს თავიდან საცხოვრებლად მომცრო ფარდული ჰქონდათ, შემდეგ შეძლეს ორსართულიანი სახლის აშენება, რომელშიც ოთხი სენაკი იყო. ოფიციალურად ბეთანიის მონასტერი მოქმედად არ ითვლებოდა, ძეგლთა დაცვის სამსახური მათ ხელფასსაც უხდიდა. სინადვილეში კი აქ ყველაფერი ისე იყო, როგორც მოქმედ მონასტერში, ღვთისმსახურებაც აღესრულებოდა, ტაძარში ხატები ესვენა, მამებიც სამონაზვნო სამოსში იყვნენ შემოსილნი. აქ ნათლავდნენ და ჯვარსაც სწერდნენ.

და სწორედ მაშინ, როდესაც ღვთის სიტყვა აღარსად გაისმოდა საქართველოში, ბეთანიის მონასტერს განსაკუთრებული მისია ეკისრა - იგი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ჯერ კიდევ ხმამაღლა იქადაგებოდა ქრისტიანობის მარად ცოცხალი ჭეშმარიტებანი, აღესრულებოდა ყველაზე ქმედითი აღიარება სარწმუნოებისა, არა მხოლოდ ამ ბერების სიტყვით, არამედ მათი მოსაგრე ცხოვრებითაც.

1954 წელს ბეთანიაში ერთი ახალგაზრდა კაცი, ვალიკო ფირცხალავა მივიდა. იგი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა აქ და ბერადაც აღიკვეცა ბასილის სახელით, მერე კი მღვდელმონაზვნადაც აკურთხეს. იგი ფრიად კარგი ბერი და მოძღვარი, შესანიშნავი მქადაგებელი აღმოჩნდა. ასე რომ, ბეთანიაში იმ დროისათვის სერიოზული სულიერი ძალა იყო თავმოყრილი. მაგრამ ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა: 1957 წელს გულის ავადმყოფობით გარდაიცვალა მამა იოანე, 1960 წელს კი ამა ქვეყანას განეშორა 37 წლის მამა ბასილიც, რომელიც ტუბერკულიოზით დაავადდა. თუმცა მისი ნაადრევი აღსასრული მხოლოდ ავადმყოფობის შედეგი როდი იყო. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მონასტერს ყაჩაღები დასცემიან და ფული და ოქრო მოუთხოვიათ, იყო ბერების ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებიც. ერთხელ ქალაქიდან მარტო მიმავალ მამა ბასილს ვიღაცეები დახვდნენ და საშინლად სცემეს, ისე, რომ იგი ძლივს მილასლასდა მონასტრამდე. მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა და იგი მალე გარდაიცვალა. მამა ბასილი ნათესავებმა თეკლათის მონასტერში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს.

ასე დარჩა მამა გიორგი მონასტერში სრულიად მარტო. სამწუხაროდ, იმ ხანებში არ გამოუჩნდა მას ღირსეული მიმდევრები და მამა გიორგის გარდაცვალების შემდეგ მთელი 15 წლის მანძილზე მონასტერი დაცარიელდა!

მამა გიორგი და მამა იოანე ერთმანეთის გვერდით არიან დაკრძალულნი ბეთანიის მონასტრის ეზოში, ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს.

ბეთანიელი მამების ამქვეყნიდან წასვლის შემდეგ სავანე დროებით დაცარიელდა. დადუმდნენ საეკელსიო საგალობლები და ლოცვითი ღაღადი ტაძრის თაღებქვეშ; მტვრით დაიფარა კანკელი, ანალოღია, შანდლები; ბუჩქნარითა და ჭინჭარ-სარეველით დაიბურა საბოსტნეები და ბაღები; დაიჟანგა თუნუქის სახურავი და ძველ ფრესკებზე წვიმის წყალმა წვრილ ნაკადებად იწყო ჩამოღვრა. მონასტრის ნაგებობებს სავანიდან ორიოდ კილომეტრში მცხოვრები მოხუცი გლეხი ივანე წიკლაური (ვანო პაპა) დარაჯობდა: მან ხატები და წიგნები სახლის ერთ-ერთ ოთახში შეიტანა, იქვე დააწყო საეკლესიო ნივთებიც და ეს ყველაფერი ბოქლომით ჩაკეტა. უწინდებურად მოდიოდნენ ტურისტები, თუმცა ახლა - მხოლოდ იმისთვის, რომ დაეთვალიერებინათ მიგდებული, მაგრამ „საინტერესო არქიტექტურული ძეგლი“. შემდეგ მონასტერში რესტავრატორები და არქიტექტორები მოვიდნენ და დაიწყო კვლევაძიებითი სამუშაოები ფრესკებზე, ჩაატარეს კედლების ქვით მოპირკეთების ნაწილობრივი რესტავრაცია, გადააკეთეს ტაძრის სახურავი, შეაკეთეს სახლი, სადაც ერთ დროს ბერები ცხოვრობდნენ, ახლა იქ მხატვრები და მუშები შესახლებულიყვნენ. ეკლესიაში წმიდა ტრაპეზი კუთხეში მიეწიათ და ზედ სხვადასხვა ძველმანები მიეყარათ; კანკელი და ხატები ტაძრიდან გაეტანათ და შიგა ნაწილი გაურანდავი ფიჭვის მორებისგან აღმართული ხარაჩოებით აევსოთ. ტაძრის ინტერიერი ბნელ და ნესტიან მღვიმეს წააგავდა. იგი ძალზე მოეწონათ ტყის ფრინველებსა და ცხოველებს. ტაძარში ჭოტებმა და ღამურებმა დაიდეს ბინა, და ღამღამობით ტაძრის კარებიდან და სარკმლებიდან ისმოდა აკუსტიკით გაძლიერებული მათი შემზარავი ყივილი.

ასე განვლო 15 წელმა... 1978 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მართლაც რომ სასწაულებრივად შეძლო ბეთანიაში ორი ბერის გაგზავნა. უწინდებურად ათეისტური ხელისუფლება ამას რაღაც სასწაულით დათანხმდა, თუმცა კი იმ ხანებში საქართველოში რომელიმე ახალი მონასტრის ამოქმედებაზე თითქოს ლაპარაკიც არ შეიძლებოდა. მაგრამ ბეთანია ამ შემთხვევაშიც გამონაკლისი აღმოჩნდა. იგი პირველი მამათა მონასტერი გახდა, რომელიც ხანგრძლივი სულიერი ზამთრის შემდეგ გაიხსნა. პირველი იგი დაუბრუნდა სიცოცხლეს და გაიკვირტა, როგორც მომავალი დათბობის მომასწავებელი. მხოლოდ 80-იანი წლების დასასრულისათვის, ბეთანიის მონასტრის ამოქმედებიდან ათი წლის შემდეგ, დაიწყო მნიშვნელოვანი ცვლილებები სახელმწიფოებრივ წყობასა და საზოგადოებაში; შეიცვალა ხელისუფალთა დამოკიდებულება ეკლესიისადმი, დაიწყო ახალი ეკლესიებისა და მონასტრების ამოქმედება. მაგრამ ამ დრომდე საქართველოში ბეთანია რჩებოდა თავისებურად ერთადერთ და განსაკუთრებულ ადგილად, რომელიც სასიხარულო და მანუგეშებელი თავშესაფარი იყო ბევრი, ძალიან ბევრი მორწმუნისათვის.

პირველ წლებში სავანეში მხოლოდ წინამძღვარი და ორი მორჩილი ცხოვრობდა, დანარჩენი კი მხოლოდ სტუმრები იყვნენ, მომსვლელ-წამსვლელნი, თუმცა ზოგიერთი მათგანი მონასტერში დიდი ხნითაც რჩებოდა. შემდეგ კი უფრო სერიოზულად და თავდადებით განწყობილმა ქრისტიანებმა იწყეს მოსვლა, რომელთაც აღარ სურდათ უკან დაბრუნება.

ათეისტური იდეოლოგიის დამარცხების შემდეგ, სულ რამდენიმე წელიწადში მღვდლებისა და ბერ-მონაზვნების მთელი არმია აღიზარდა. და ძალზე ბევრნი, დღევანდელი საქართველოს ეკლესია-მონასტრების წინამძღვრები, არქიმანდრიტები და თვით ეპისკოპოსებიც ოდესღაც თავიანთ გზას აქ - ბეთანიაში იწყებდნენ. მათ კარგად ახსოვთ ღვთისმშობლის შობის ეს სავანე და მასზე ძალზე თბილადაც საუბრობენ. ღმრთისმშობელმა აქედან საქართველოს ყველა მხარეში თითქოსდა რაღაც საოცარი კანდელიდან ანთებული სანთლები დაგზავნა, რათა სხვა ძველი ლამპრების ანთებულიყო. მთელ საქართველოში დაიწყო მიგდებული ეკლესია-მონასტრების ნანგრევებიდან აღდგენა, და მათკენ მძიმე ავადმყოფური ძილისაგან გამოფხიზლებულმა ქართველმა ხალხმა იწყო ლტოლვა.

ჩვენ გვწამს, რომ აქ, ბეთანიაში ჩვენზე ღვთის დაუშრეტელი წყალობა გადმოდინდება, რომელიც აქ ყოველთვის უხვად ცხადდებოდა, და ღმრთისმშობლის საფარველის ქვეშ, აქ განსვენებული ორი წმიდა ბერის ლოცვით, სულიწმიდის მადლით, კვლავ აღორძინდება საქართველოში ჭეშმარიტი მონაზვნური ცხოვრება.



 


მიმაგრება:
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 217 | დაამატა: happy | ტეგები: ბეთანიის მონასტერი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რა კატეგორიის საიტზე შედიხართ ყველაზე ხშირად?
სულ პასუხი: 119