დედაზე არაფერს ვწერ, მის გამო დღიურის ფურცლებს ვერ გავაფუჭებდი - გაბრაზებული გოგონას დღიური - 18 ოქტომბერში 2012 - საიტები

თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 18 » დედაზე არაფერს ვწერ, მის გამო დღიურის ფურცლებს ვერ გავაფუჭებდი - გაბრაზებული გოგონას დღიური
09:37
დედაზე არაფერს ვწერ, მის გამო დღიურის ფურცლებს ვერ გავაფუჭებდი - გაბრაზებული გოგონას დღიური

"არ ვიცი, რატომ სურთ მოზარდებს საკუთარი დღიურების გამოქვეყნება, როცა ყველამ ვიცით, რომ მასში მხოლოდ კონკრეტული პიროვნების ფიქრები, სურვილები, ოცნებები და ბოლოს და ბოლოს, საიდუმლოებები იმალება?!

მაგრამ ფაქტია, ანონიმურობის დაცვის გარანტიის მიცემის შემდეგ მოზარდები საკუთარი სულის გასაშიშვლებლადაც მზად არიან და მორჩილად ელოდებიან იმ დროს, როცა მათი ნააზრევი სხვების მსჯელობის საგანი გახდება.

ბოლო 2 კვირის განმავლობაში 6 დღიური გადმომცეს: ზოგი პირდაპირ ხელში, ზოგიერთის ქსეროასლი - მეილით. სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ორმა მათგანმა დამაინტერესა: ერთი დღიური მთელ ქვეყანაზე გაბრაზებულ გოგონას ეკუთვნის, მეორე კი ვაჟს, რომელსაც თურმე, შეყვარებული წაართვეს...

ვინაიდან პირველად გოგონა შემეხმიანა, ამჯერად მის დღიურს გთავაზობთ. როგორც ჩანს, 16 წლის ნინიკო დღიურს მხოლოდ მაშინ ავსებდა, როცა ძალიან გაბრაზებული იყო, ხოლო ბოღმის ფურცლებზე გადმონთხევის შემდეგ უკვე განწყობილებაგაუმჯობესებული რვეულს ხურავდა და მისი არსებობა მანამ არ ახსენდებოდა, ვიდრე გული კვლავ ბრაზით არ აევსებოდა (სტილი დაცულია):

"ფიფქია და შვიდი ჯუჯა"

"ახლა წავიკითხე ეს უცნაური ზღაპარი, ოღონდ - არ ვიცი, უკვე მერამდენედ და მივხვდი, რომ ავტორი ბავშვებს ატყუებს! აბა, მეც მყავს დედინაცვალი და ის ბოროტი სულაც არ არის! ვერ ვხვდები, ეს ვიღაც კაცი რატომ გვიჩიჩინებს, რომ დედინაცვლები ბოროტები არიან? ზოგიერთი დედაც ხომ არ არის კარგი ადამიანი?!. ან კიდევ, ფიფქია რომ "გნომების" საცხოვრებელში ამოყოფს თავს, სასაცილოა, აბა, რა არის?

ვის ატყუებ, ბატონო ავტორო? "გნომების" სადგომში ამხელა გოგონა როგორ შეეტეოდა? ან დავიჯერო, იმ სახლის დალაგების გარდა, დაღლილს სხვა სურვილი არ გაუჩნდა? არა, ბატონო, ვერ მოგვატყუებთ. ამ ზღაპრით შეიძლება, ძალიან პატარები დააინტერესოთ, ანუ ისეთები, რომლებსაც ზღაპრების მართლა სჯერათ და არაფერზე ფიქრობენ, თორემ მე უკვე ვიცი, რომ ეს ამბავი გამოგონილია და თქვენ ამ წიგნით მსოფლიოს დედინაცვლებს შეურაცხყოფას აყენებთ"...

ჩემი დაქალი გაგიჟდა...

"გუშინ სკოლაში მივედი. გაკვეთილები მომზადებული მქონდა. თეონამ მითხრა, საშინაო დავალების შესრულება ვერ მოვასწარი და გადამაწერინეო. უარი ვუთხარი. აბა, რა მექნა, მეგობარს "დათვურ სამსახურს" ხომ არ გავუწევდი? მან კი შეურაცხყოფა მომაყენა, ამხანაგების წინაშე საშინელი სიტყვები მითხრა.

ვიფიქრე, ახლა გაბრაზებულია და ცოტა ხანში გონს მოეგება-მეთქი, მაგრამ საშინელება ჩაიდინა: ჩემი რვეულები სადღაც გააქრო და როცა მასწავლებელმა მითხრა, დავალება მაჩვენეო, რვეული ვერსად ვიპოვე.

ლინდა მასწ-მა არაფრით დაიჯერა, რომ დავკარგე და მისაყვედურა: არ გრცხვენია, ფრიადოსანი გოგო ასეთ ტყუილებს რომ ამბობ? თუ დავალების შესრულება ვერ მოასწარი, ჯობდა, სიცრუის ნაცვლად, სიმართლე გეთქვა. გაგიგებდი, გაპატიებდი და ცუდ ნიშანს არ დაგიწერდი, ახლა კი ტყუილისთვის დაისჯებიო და ჟურნალში "ორიანი" დამიწერა. ვიტირე, მაგრამ რად გინდა: გულქვა მეგობარს გული ვერ გავუთბე - რვეული არ დამიბრუნა...

მის გამო მივიღე ცხოვრებაში პირველად "ორიანი". მე მეგობარი მეგონა და სინამდვილეში, შურიანი გოგო ყოფილა. აწი ვიცი, რომ მას ცხოვრებაში ხმაც კი არ უნდა გავცე. საძაგელი!.."

ჩემი პირველი მასწავლებელი

"ჰმ, გავგიჟდი! თურმე, ჩემი პირველი მასწავლებელი, ანუ ქალბატონი მანანა დ. ცუდი ადამიანი ყოფილა. ამას წინათ კლასში დამიბარა და გამომლანძღა: ეს გასწავლე? თეონას გაკვეთილის მომზადებაში რატომ არ დაეხმარე? მეგობარს თუ არ დაეხმარები, ეს არაფერში წაგადგებაო.

ვუპასუხე: სწორედ თქვენ გვასწავლეთ, რომ ამხანაგს "დათვური სამსახური" არ უნდა გავუწიოთ-მეთქი. - კი, მაგრამ ადამიანს რაღაც რომ ასწავლო და როცა უჭირს, მხარში ამოუდგე, ეგ "დათვური სამსახური" არ არის.

"დათვური სამსახური" ისაა, როცა ადამიანს რაღაც შეუძლია, სიზარმაცის გამო არ აკეთებს და დახმარებას სხვებს სთხოვსო. - მერე, თეონას სწავლა ხომ შეუძლია-მეთქი?! - ხომ იცი, რომ იმ დღეს დედა ჰყავდა ცუდად და დავალება ამიტომაც ვერ შეასრულა. ისიც ხომ იცი, რომ ფრიადოსანია და მისთვის კარგი ნიშანი ბევრს ნიშნავსო.

- მეც მყავდა მამა ცუდად, მაგრამ იმ დღეს გაკვეთილები მაინც მოვამზადე-მეთქი... მოკლედ, მე და მასწავლებელი ვერ შევთანხმდით. ვერ გავიგე: ეს "დათვური სამსახური" სინამდვილეში რას ნიშნავს?! მგონი, ქალბატონი მანანას სიმპათიები თეონასკენ უფრო მეტად იხრება და ახლა ჩემს გაცამტვერებას ერთად ფიქრობენ. არ გამოგივათ, არააა!.. თქვენს ჯიბრზე, ყველაზე კარგი მოსწავლე ვიქნები და გულს გაგიხეთქავთ".

საშინელი ექსკურსია

"დღეს ექსკურსიაზე ვიყავით - ყინწვისი მოვინახულეთ. გზად ლამაზი ყვავილები დავკრიფე, მაგრამ რად გინდა, ბოროტმა კლასელმა ბიჭებმა უკან დაბრუნებისას სულ დამიპუტეს და ისე გავბრაზდი, რომ მაგრად ვიჩხუბე. ახლა ყველაზე მეტად იმას ვდარდობ, რომ ლაშას ვაწყენინე. არადა, როგორ მიყვარს...

ისე, ეს ჩემი კლასელი გოგონები როგორი მატრაკვეცები არიან. ნერვები მომიშალეს, რა. მასწავლებლებს ყურს საერთოდ არ უგდებდნენ, მხოლოდ გართობაზე ფიქრობდნენ და ამიტომაც იყო, რომ ელენე ლამის დაიმტვრა. როგორ შეიძლება, უფროსის ნათქვამს ყურადღება არ მიაქციო? მე მაშაყირებდნენ: როგორი დამჯერი ხარ, მასწავლებლის კალთას გამოკერებულიო. ეგ რა შუაშია? - უბრალოდ, ამხელა გზაზე წაგვიყვანეს, ასეთი სანახაობა გვიჩვენეს და ამ ადამიანებს პატივი არ უნდა ვცეთ?!

ვაი, ვაი... ახლა მესმის ჩემი დედინაცვლის, რომელიც მაფრთხილებს ხოლმე: კლასელებს ნუ აჰყვები. შეეცადე, მასწავლებლებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოო".

თეონას შეყვარებული ჰყავს...

"ისეთი ბიჭი "დაითრია", რომ გულზე ვსკდები. არ მესმის, ამ "შემეტენე" გოგომ ამდენი როგორ მოახერხა?! ერეკლე სკოლაში გამორჩეული ბიჭია და გოგონები მასზე ჭკუას კარგავენ, მან კი რატომღაც, სწორედ თეონა აირჩია.

ალბათ, არ იცის, როგორი მეგობარიცაა, თორემ არჩევანს მასზე არ გააკეთებდა. მეცოდები, ჩემო ერეკლე, მაგრამ ვერაფრით გიშველი! მართალია, თეონაზე გაბრაზებული ვარ, მაგრამ ისეთი ბოღმაც არ ვარ, რომ გოგოს საყვარელი ადამიანი დავაკარგვინო... ეჰ, ნეტავ, ლაშაც მალე მეტყოდეს: მიყვარხარო. მერე კი, ალბათ, ჩემზე ბედნიერი ამქვეყნად აღარავინ იქნება. რომ იცოდეს, რამდენი ხანია, მისგან ამ სიტყვებს ველი. ის ჩემი ოცნების მამაკაცია.

თუმცა ცხადია, უარყოფითი თვისებები მასაც აქვს. მაგალითად, არ მომწონს, სულ გოგონების წრეში რომ ტრიალებს. ხანდახან მგონია, ბიჭებთან საერთო ენას ვერ პოულობს, ან იქნებ ჩვეულებრივი მექალთანეა?! რა ვიცი... ერთი მაგისიც..."

ზოოპარკი

"ამას წინათ "შატალო" მოვაწყვეთ და ზოოპარკში წავედით. ბავშვებს ცხოველები ძალიან შეგვეცოდა. ვოლიერებიდან ისე საცოდავად იყურებოდნენ, რომ მათი ტყვეობიდან გათავისუფლების სურვილი გამიჩნდა, მაგრამ აბა, ამას როგორ მოვახერხებდი? მგონია, რომ მათ სათანადოდ არ უვლიან. საცოდავები, შიმშილისგან დაოსებულებივით გამოიყურებოდნენ.

მაიმუნს მზესუმზირა რომ გადავუყარეთ, სიხარულისგან ხელები სულ რკინაზე ატყაპუნა. ხორცი რომ მქონოდა, ლომსაც გავახარებდი, მაგრამ...

ეს ატრაქციონებიც მორყეულია. მხოლოდ სასაცილო ოთახშია ყველაფერი წესრიგში, მაგრამ მე ჩემს ხელოვნურად დამახინჯებულ გარეგნობაში სასაცილო ვერაფერი ვნახე და ვერც ამხანაგებზე ვიცინე. ვინანე, ამ სანახაობაში ფული რომ გადავყარე. ეშმაკის ბორბალზე მომინდა დაჯდომა, მაგრამ შემეშინდა.

ისეთი ძველია, ნებისმიერ დროს შეიძლება, ღერძს მოსწყდეს... ავტომობილში ჩავჯექი, მაგრამ ვიღაც ბიჭმა ისე დამაჯახა, გვერდები ჩამენგრა..."

დედინაცვლის რისხვა

"ჩემმა დედიკომ გაიგო, რომ "შატალოზე" ვიყავი და ისეთი დღე მაყარა, მტერსაც არ ვუსურვებ. პირველად ვნახე ასე გაავებული დედინაცვალი. მისაყვედურა: ნუთუ იმიტომ გყვები თან, რომ მასწავლებლები გააბრაზო? შენგან ამას არავინ ელოდაო. პირობა მივეცი, რომ მეორედ სკოლიდან არ გავიპარები..."

მეზობლების...

"ეჰ, ბედი არ გინდა? ერთი თაყვანისმცემელი ძლივს გამომიჩნდა და მეზობლებმა ისიც დამიფრთხეს. დედინაცვალი და მამა შინ არ იყვნენ. ჩემი ძმაც მეგობრებთან ერთად, სტადიონზე, ფეხბურთის სათამაშოდ იყო წასული. ჰოდა, რეზომ შინ მომაკითხა. უფრო სწორად, მე დავპატიჟე: მოდი, მარტო ვარ-მეთქი. ცოტა ხანი ვიჭუკჭუკეთ. მართალია, ყავას არ მასმევენ, მაგრამ იმ დღეს მაინც დავლიე. მერე რეზო სიყვარულში გამომიტყდა და მგონი, ჩემთვის უნდა ეკოცნა კიდეც, როცა მეზობელმა, ზაირა დეიდამ მომიკაკუნა.

მე რა ვიცოდი, ვინ იყო, თორემ კარს არც გავუღებდი. მეგონა, ჩემი ძმა ნაადრევად დაბრუნდა და კარი დაზაფრულმა გავაღე. ხელში ზაირა რომ შემრჩა, გავიფიქრე: რა ჭირი გინდა-მეთქი? მიხვდა, რომ მისი სტუმრობა არ მესიამოვნა. მკითხა: შენები სად არიანო? სანამ ვუპასუხებდი, თვალი "ზალისკენ" გააპარა და რეზო აათვალიერ-ჩაათვალიერა.

მივხვდი, მისი სტუმრობის შესახებ ჩემებს აუცილებლად ეტყოდა... რეზოს ვუთხარი: უნდა წახვიდე, თორემ მეზობლები ჭორაობას დაიწყებენ-მეთქი. მერე ისე მოვიქეცი, ვითომ უბრალოდ ამხანაგი იყო და კიბეზეც ჩავაცილე. თუმცა, მეზობლებმა აქეთ-იქიდან გამომძახეს, - ვინ იყო, გოგო, ის ბიჭი? სახლში რატომ მოგაკითხაო?

მერე ერთმა მწარედ იხუმრა: ეტყობა, სასიმამროს ნახვა უნდოდა, ნინიკოს ხელი რომ ეთხოვა, მაგრამ შინ არ დახვედრიაო... გავბრაზდი, მაგრამ ჭორიკნები პასუხის ღირსადაც არ ჩავთვალე. საღამოს მშობლებმა უკვე იცოდნენ, რომ შინ ვიღაც ბიჭი მესტუმრა. მამა კი მოვატყუე, კლასელი იყო-მეთქი, მაგრამ დედინაცვლის კითხვებს თავი ვერ დავაღწიე.

მან შეძლო და სიმართლე მათქმევინა. მერე ქმარს ყველაფერი ჩაუკაკლა და დაიწყო ქადაგებაც: გოგო, რა დროს შენი ეგეთებია, რა გესიყვარულება? ახლა შენ მხოლოდ სწავლაზე უნდა ფიქრობდე, ბიჭებზე კი არაო და ა.შ. მერე რეზოს ტელეფონის ნომერიც საიდანღაც "გამოჩიჩქნეს" და ჩემი ცხოვრებიდან კუდით ქვა ასროლინეს. ნუ, უკვე მთელი კვირა გავიდა და არც შემეხმიანა... ყველაფერი ჭორიკანა მეზობლების ბრალია. ვაი მათი ტყავის ბრალი, შინაბერად თუ დავრჩი".

პირველი ლედი

"ვგიჟდები ამ ქალზე. როგორ შეუძლია, ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდე შეინარჩუნოს და ალბათ, მიშაც იმიტომ მიყვარს, რომ სანდრაზე შეაჩერა არჩევანი. პოლიტიკა ის სფეროა, რომელიც ნაკლებად მაინტერესებს და როცა მამა საინფორმაციო გამოშვებებს უყურებს, მაშინაც ნერვები მეშლება, მაგრამ ზოგჯერ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მაინც ვადევნებ თვალს. ისე, მინუსები მიშასაც აქვს: ჯერ ერთი, როგორ იხოცავს ცხვირს? მეორეც - შეუძლია, გვერდით მდგომ ჩინოსნებს ისე დაუღრიალოს, თვალსაც არ დაახამხამებს; მესამე - მამას თქმით, არასწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს. თუმცა, ბევრი რამ მომწონს.

მათ შორის, ყველაზე მეტად - გალამაზებული სკვერები, სადაც ალბათ, ოდესმე შეყვარებულთან ერთად გავისეირნებ:)".

ოჰ...

"ძალიან ვარ გაბრაზებული და ახლა რამე რომ არ დავწერო, შეიძლება, ჭკუიდან გადავიდე. რეზო ვნახე, შემთხვევით, ქუჩაში... ვიღაც გოგოსთან ერთად მიდიოდა. დავუძახე და ისე მოიქცა, თითქოს არც მიცნობდა. პარტნიორს ისიც კი უთხრა: ეტყობა, გიჟია, უბრალოდ, ჩემი სახელი იცისო. მართალია, იმ გოგოს ჩემს ყურებაში კისერი მოეღრიცა და მეც დავუბღვირე, მაგრამ რა ხეირი? ამით რეზოს ხომ ვერ დავიბრუნებ?.. მერე დავურეკე და სულ ცეცხლები ვყარე. კარგი ვქენი, რომ გამოვლანძღე, მაგრამ ამას არ ვაკმარებ: ჩემი მოტყუებისთვის სიცოცხლეს გავუმწარებ. ჩემს გაცურებას არავის შევარჩენ!"

"ყვითელი" ჟურნალები

"არ მიყვარს ეს პრესა, მაგრამ მაინც ვკითხულობ ხოლმე. ჰოდა, ნერვები მეშლება, როდესაც ჩემს საყვარელ მომღერლებზე, მსახიობებზე ათასგვარ სისულელეს ვკითხულობ. ძალიან მაინტერესებს, ამ ჟურნალისტებს ეს ტყუილები საიდან მოაქვთ? რატომ ავრცელებენ ადამიანებზე ჭორებს? დავიჯერო, მათ სწორედ ამაში უხდიან ფულს?..

პატარაობისას ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი, ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ამ პროფესიას, კისერთან დანაც რომ მომადონ, მაინც არ ავირჩევ.

მე მომავალი ქირურგი ვარ. მართალია, ადამიანების ჭრა-კერვა სასიამოვნო საქმე არ იქნება, მაგრამ კიდევ ეს ჯობია ვიღაცებზე ინფორმაციის მოგროვებას..."

სკოლავ, მშვიდობით...

"ახლა გადავავლე თვალი ჩემს ბავშვობისდროინდელ ჩანაწერებს და ბევრი ვიცინე... რამდენი ხანია, აღარაფერი დამიწერია და მივხვდი, ჩემი დღიური მომნატრებია. უკვე დიდი გოგო ვარ და პროფესიული არჩევანის გაკეთებაც მომიწვეს. ალბათ, ფილოლოგიურზე ჩავაბარებ. იმედია, გამიმართლებს".

"ქართული ოცნება"

"ოცნება ყველანაირი კარგია, მაგრამ ეს "ქართული ოცნება" ძალიან მომწონს. იმედია, ჩემს "მიშისტ" მამას გული არ გაუსკდება, თუ "მეოცნებეებს" შევუერთდები. მართალია, მამას სამსახურის დაკარგვის ეშინია, მაგრამ თუ მიშა დარჩა ამ ხელისუფლების სათავეში, შეიძლება მალე თავიც დაკარგოს... ალბათ, არც ივანიშვილი აგვაშენებს, მაგრამ ქართველებს ხომ "არქიფოსი" გვჯერა.

ჩვენ გამოუსწორებელი ოპტიმისტები ვართ... "ქართული ოცნება" იმიტომ მომწონს, რომ მასში ბევრი ჩემი მეგობარია გაწევრიანებული და რასაც ისინი ამბობენ, ყველაფერი თუ აგვიხდა, მართლა კარგად იქნება ქართველი ხალხის საქმე. თუ ეს ყველაფერი "ბლეფია", დავღუპულვართ და ეგაა. იმედია, მომავალში საქართველოდან გასაქცევად არ გვექნება საქმე".

ჩემი ლელა წურწუმია

"ვგიჟდები ამ მომღერალზე. ერთხელ გავიცანი კიდეც, მაგრამ ალბათ, არ ვახსოვარ... ასე მგონია, კეთილი ადამიანია - ამას მის თვალებში ვკითხულობ... მაგრამ მასზე გაბრაზებულიც ვარ: ვერ ვხვდები, რად უნდოდა, ფილმებში რომ მიიღო მონაწილეობა ან "ცეკვავენ ვარსკვლავებში"? მის ადგილას, მე მხოლოდ სიმღერით ვიქნებოდი პოპულარული".

მული გავხდი

"ჩემმა ძმამ ცოლი შეირთო. მართალია, "ვიდზე" არ მომწონს, მაგრამ ეგ არაფერი. მთავარია, გული ჰქონდეს თბილი. დედინაცვალმა რძალი გულში ჩაიკრა და უთხრა: შენც ჩემი მესამე შვილი იქნები. ღმერთმა ღვიძლი შვილი არ მაღირსა, მაგრამ ბედნიერი ვარ, ნინიკო და თემუკა რომ მყავსო. იმედია, ჩემი რძალი დედინაცვლის იმედებს გაამართლებს".

გამოცდების ჩაბარებას შევძლებ?

"ჰმ, მაია მიმინოშვილი გადააყენესო?!. აბა, ახლა რა გვეშველება? ნუთუ, სტუდენტებს გამოცდების ჩაბარების შანსი არ მოგვეცემა? იმედია, ხელისუფლება გონებას მოუხმობს და მათი უცნაური გადაწყვეტილებების გამო სწავლაში ხელი არ შეგვეშლება.

თორემ, ხომ გაგიგონია, ჩემო დღიურო: ცხვარი ცხვარია, მაგრამ თუ გაცხარდა, ჩემს მტერსო - თუ როგორც არის, რა... ეჰ, აბა, შენ რა გესმის? მხოლოდ ის იცი, რასაც მე ვწერ ხოლმე შენს ფურცლებზე, მაგრამ მაინც გმადლობ იმისთვის, რომ ჩემს გულისნადებს საიდუმლოდ ინახავ".

ნინიკოს დღიურიდან ცხადია, რაღაცები ამოვკრიბე და რაც ყველაზე საინტერესოდ მომეჩვენა, იმას გთავაზობთ. მისი ჩანაწერების წაკითხვის შემდეგ არ შემეძლო, თვითონ ავტორს არ გავსაუბრებოდი. გოგონას ჩემი ზარი არ გაჰკვირვებია:

- ველოდებოდი, როდის დამირეკავდით. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ ჩემს დღიურსაც გამოაქვეყნებდით.

- რატომ გადაწყვიტე, შენი ჩანაწერები გამოგემზეურებინა?

- ალბათ იმიტომ, რომ ხავსი არ მოსდებოდა (ვხუმრობ, ცხადია). უბრალოდ, როცა "გზის" ფურცლებზე სხვების დღიურები წავიკითხე, სურვილი გამიჩნდა, ჩემი ჩანაწერებიც გამომეგზავნა. მადლობა, რომ არსებობთ და გულს გვიხარებთ.

- მაგრამ შენ ერთგან გაქვს ისეთი ჩანაწერი, სადაც ჟურნალისტებს მატყუარა ჭორიკნებს გვიწოდებ...

- მაშინ, როცა ეს დავწერე, პატარა ვიყავი და მეგონა, მართლაც მხოლოდ ჭორებზე წერდით. ახლა, როცა მეგობარი ჟურნალისტები შევიძინე, ვიცი, რომ ხშირად რაღაცებს გაბრალებენ, საკუთარ ნათქვამს, თუ ის ხალხის საჭორაო თემად იქცევა, თქვენ "გაწებებენ" და ამბობენ: ჩვენ ეს ასე არ გვითქვამსო.

თუ დღიური ბოლომდე ჩაიკითხეთ, ნახავდით, რომ მოსაზრება შევიცვალე: ფილოლოგიურზე ვაპირებ ჩაბარებას, მერე კი იმედი მაქვს, ჟურნალისტადაც ვიმუშავებ.

- დღიურში დედაზე არაფერს წერ...

- მასზე ლაპარაკი არასდროს მსიამოვნებდა. იმ ქალის გამო დღიურის ფურცლებს ვერ გავაფუჭებდი.

- რას გულისხმობ? დედამ გული ასე რით გატკინა?

- მოდი, ნუღარაფერს მკითხავთ...

- ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დღიურს მხოლოდ ცხელ გულზე მყოფი წერდი...

- მართალი ხართ. ყოველთვის, როცა ცუდ ხასიათზე ვიყავი და რაღაც მტკიოდა, "უსულო მეგობარი" მეხმარებოდა. სიმართლე გითხრათ, მხიარული დღეები სულ თითზე ჩამოსათვლელი მქონდა და როგორც ჩანს, მაშინაც იმხელა სიხარულს განვიცდიდი, რომ იმ ლამაზ წამებს დღიურთან გასატარებლად ვერ ვიმეტებდი...

- ახლა თუ გყავს შეყვარებული?

- ჯერ ისევ ველოდები ჩემს პრინცს, რომელიც არა და არ გამოჩნდა...

- შეიძლება, შენი დღიურის წაკითხვის შემდეგ ვიღაცას შენზე ცუდი შთაბეჭდილება შეექმნას. მაგალითად, იმის გამო, რომ მეგობარს დავალება არ გადააწერინე...

- ეგ ბავშვობისდროინდელი ამბავია. ახლა მეც ვფიქრობ, რომ მაშინ ცუდად მოვიქეცი, მაგრამ ხომ იცით, რასაც გიკიჟინებენ, იმის გაკეთებას ცდილობ. მეგობრისთვის ცუდი არ მინდოდა. ღრმად მწამდა, რომ თუ რაღაცებს გადავაწერინებდი, "დათვურ სამსახურს" გავუწევდი.

- დაბოლოს, პოლიტიკა ის სფეროა, რომელიც ნაკლებად მაინტერესებსო. სინამდვილეში, ბევრი ჩანაწერი სწორედ პოლიტიკური იყო...

- ადრე არ მაინტერესებდა, მაგრამ ისეთ დროში მიხდება ცხოვრება, რომ მინდა თუ არა, ძალაუნებურად, პოლიტიკურ პროცესებში მეც ვერთვები.



 


მიმაგრება:
ნანახია: 120 | დაამატა: happy | ტეგები: მის გამო დღიურის ფურცლებს ვერ გავაფ, დედაზე არაფერს ვწერ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელ ოპერაციულ სისტემას იყენებთ ?
სულ პასუხი: 130