თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 17 » ერთადერთი სახლი თბილისში, რომელსაც ქართულად აწერია "სალამი"
20:04
ერთადერთი სახლი თბილისში, რომელსაც ქართულად აწერია "სალამი"

ძველ სახლებს თუ დააკვირდებით, სადარბაზოს შესასვლელთან ლათინური ასოებით დაწერილ სიტყვას - "SALVE"-ს დაინახავთ, რაც ქართულად "სალამს" ნიშნავს. თბილისში მხოლოდ ერთადერთი სახლია, რომელსაც ქართული ასოებით აწერია - "სალამი".

სახლი მართლაც რომ საოცარია. გარე ფასადი მოჩუქურთმებული აქვს. ფანჯრების ზემოთ, როგორც მცხოვრებლებმა მითხრეს, ქართველიშვილის საგვარეულო გერბის ბარელიეფებია გამოქანდაკებული.

სულ ზემოთ კი პატარა, უცნაური გუმბათი ადგას, რომელზედაც ქალის თავია გამოსახული. აივნები ძალიან ორიგინალური ფორმისაა. სადარბაზოს ფანჯრები შენარჩუნებულია. ეს სახლი ერთ დროს ულამაზესი იქნებოდა.

ახლა, სამწუხაროდ, სავალალო მდგომარეობაშია, როგორც უმრავლესობა ძველი შენობებისა, რომლებიც ისტორიული, ულამაზესი და განსხვავებული არქიტექტურით გამოირჩევა.

ეს სახლი რომის ქუჩაზე მდებარეობს. გადავწყვიტე გამეგო, უკავშირდებოდა თუ არა მას რაიმე საინტერესო ისტორია. ძიების დროს აღმოვაჩინე, რომ ამ სახლში ცხოვრობდა ადამიანი, თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმე საქართველოში, ცნობილი მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საქმიანობით, რომელიც ქართულ ისტორიას და კულტურას უკავშირდებოდა.

რაც შენობების ისტორიის "მაძიებელი" გავხდი, უფრო და უფრო დავრწმუნდი, რომ საქართველოში ძალიან ბევრი კარგი ადამიანი ცხოვრობდა, რომელთა შესახებ ცოტას თუ სმენია და რომლის სახელებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

ამჯერად გიორგი ქართველიშვილზე გიამბობთ, რომელიც ერთ დროს ამ სახლში ცხოვრობდა.

1881-1882 წლებში ქართველიშვილმა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" გამოცემაზე დაიწყო ზრუნვა. წიგნის გასაფორმებლად მოიწვია რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვარი, ეროვნებით უნგრელი მიხაი ზიჩი. 1884 წელს მისივე ინიციატივით შეიქმნა კომისია, რომელსაც "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის ვარიანტების შეჯერება-დადგენაზე უნდა ემუშავა.

კომისიის წევრები იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, დიმიტრი ბაქრაძე, პეტრე უმიკაშვილი და იონა მეუნარგია. წიგნის გამოსაცემად გამოიწერა ახალი შრიფტი, სათაურის ასოები, ორნამენტები (სხვადასხვა ქართული ტაძრიდან აღებული), გასაფორმებელი ნახატები.

ზიჩის ილუსტრაციებით გაფორმებული "ვეფხისტყაოსანი" გამოიცა 1888 წელს და ისტორიაში შევიდა, როგორც "ქართველიშვილისეული გამოცემა".

ქართველიშვილმა გამოცემის მთელი ტირაჟი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა. მოგვიანებით ცალკე წიგნად გამოსცა რუსულ ენაზე თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი", რომელიც პირადად გადასცა საჩუქრად საქართველოში მყოფ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის მეუღლეს მარია ფიოდოროვნას.

1885 წელს გამოსცა ვახუშტი ბაგრატიონის საქართველოს ისტორია. ქართველიშვილის დავალებით, ფოტოგრაფ ერმაკოვის მონაწილეობით, შედგენილ იქნა საქართველოს ისტორიული ალბომი.

ქართველიშვილი წიგნებით ასაჩუქრებდა მთელ რიგ სასწავლებლებს, ეხმარებოდა შეგირდებს და სტუდენტებს, აფინანსებდა ძველი ტაძრების სარესტავრაციო სამუშაოებს.

1880-1884 წლებში მისი შემწეობით ხელახლა აშენდა აღა-მაჰმად-ხანის მიერ 1795 წელს დანგრეული დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია.

ქველმოქმედების გარდა, ქართველიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი და ხაზინადარი. 1883-1885 წლებში ქართველიშვილი გამოსცემდა ქართულ გაზეთ "დროებას".

მან ააგო რკინიგზა, ატენიდან გორამდე. ასევე, მსხვილ სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა და პირველი გილდიის ვაჭრის წოდებას ატარებდა, რაც რუსეთის იმპერიაში კომერციის დარგში უმაღლეს აღიარებად ითვლებოდა.

ქართველიშვილს ჰყავდა მეუღლე, თამარ მჭედლიძე და თერთმეტი შვილი. გარდაიცვალა 1901 წელს. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში.



 


მიმაგრება:
ნანახია: 993 | დაამატა: happy | ტეგები: რომელსაც ქართულად აწერია სალამი, ერთადერთი სახლი თბილისში | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელ ოპერაციულ სისტემას იყენებთ ?
სულ პასუხი: 132