თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 21 » "მის საქართველომ" კომაში მყოფ მამას ოცნება აუხდინა
17:20
"მის საქართველომ" კომაში მყოფ მამას ოცნება აუხდინა

"მის საქართველო 2012" ოცი წლის თამთა შედანია გახლავთ, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ სამოდელო კარიერა უკვე აწყობილი აქვს - აზიის ქვეყნებში ის საკმაოდ მაღალანაზღაურებად მოდელად მიიჩნევა. 3 დეკემბერს თამთა ლას-ვეგასში, "მის უნივერსის" კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება...

- უკვე გამოცდილმა მოდელმა "მის საქართველოს" კონკურსში მონაწილეობა რატომ გადაწყვიტე?
- ბედი რატომ არ უნდა მეცადა? დედაჩემის სურვილი იყო, "მის საქართველო" გავმხდარიყავი და ბავშვობიდან მეც ეს ამბიცია მქონდა. მამაჩემი ძალიან ცუდადაა - თავის ტვინის ანთება აქვს და უკვე 4 თვეა, კომაშია. კასტინგის შემდეგ, საავადმყოფოში რომ ვინახულე, მძიმედ იყო. ვუთხარი, - "მის საქართველოს" კონკურსში ვმონაწილეობ-მეთქი. - ჩემთვის ისედაც "მის საქართველო" ხარ, მაგრამ მსურს, ეგ გვირგვინი შენ დაიდგა. ჩემს ჯანმრთელობაზე არ ინერვიულოო, - მიპასუხა. სურვილი გამიჩნდა, საქმე ბოლომდე მიმეყვანა და ამისთვის ყველაფერი გავაკეთე. სხვა კონკურსანტები თავს დაჩაგრულად არ გრძნობდნენ: მეც იმას ვაკეთებდი, რასაც ისინი აკეთებდნენ. მათ ჩემს გამოცდილებასაც ვუზიარებდი.

- ფაქტია, სხვა კონკურსანტებთან შედარებით, პრივილეგია გქონდა - გამოცდილი მოდელი ხარ...
- მოდის სფეროში ამდენ ხანს რომ ვიმუშავე, ხომ უნდა დამიფასდეს? ყველაფერს საკუთარი შრომით, მონდომებითა და მიზანდასახულობით მივაღწიე.

- კონკურსანტებს შენ მიმართ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ? ძლიერი მეტოქის გამო, გამარჯვების იმედი ხომ არ გადაეწურათ?
- კასტინგზე გოგონებმა რომ გაიგეს, მეც ვმონაწილეობდი, "სისინი" დაიწყეს. თავდაპირველად, ჩემ შესახებ სხვაგვარი წარმოდგენა ჰქონდათ, მაგრამ მერე ყველანი დავმეგობრდით. სულ მინდა, ჩემი დადებითი განწყობილება სხვებსაც გადავდო. კონკურსანტების შერჩევიდან მეორე დღეს, ფსიქოლოგიის გაკვეთილზე გოგონებმა მითხრეს: ძალიან შეგვიყვარდი. შენ რომ არ ყოფილიყავი, კონკურსზე მხიარულება არ იქნებოდაო.

- გარეგნობაში რაიმე ხომ არ შეიცვალე?
- ჭორები გავრცელდა, - თამთამ ტუჩები დაიბერა, ცხვირი "გაიკეთა", თვალები "აიქაჩაო"... მოკლედ, ათას საშინელებას ამბობენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ნატურალურად ლამაზი ვიყო. პლასტიკური ოპერაცია რომც მჭირდებოდეს, მაინც არ გავიკეთებდი. არ ვიცი, ხალხი კოსმეტოლოგთან სახის გაწმენდას პლასტიკურ ოპერაციად რატომ აღიქვამს?! გარეგნობაში რამის შეცვლის სურვილი არასოდეს მქონია. საკუთარი თავი ისეთი მომწონს, როგორიც ვარ.
- ხალხისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობ?
- ხალხი "მის საქართველოს" კონკურსამდეც მცნობდა. ჩემ მიმართ ზუგდიდში განსაკუთრებულად თბილად იყვნენ განწყობილნი, ჩემთან ერთად ფოტოებსაც იღებდნენ... "თავში ავარდნის" მომენტი არასოდეს მქონია და არც მექნება: არავინ დაბადებულა წარმატებულ მსახიობად, მოდელად, ჟურნალისტად. ის გზა არ უნდა დაგავიწყდეს, რაც წარმატების მისაღწევად გაიარე. ხალხის სიყვარული მაბედნიერებს. მიხარია, რომ "მის საქართველოს" კონკურსის შემდეგ ბევრი თბილი მილოცვა, მესიჯი მივიღე.

- როგორ ფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება მსოფლიოს კონკურსზეც იმოქმედებს?
- კერძო კონკურსებზე (როგორიც მაგალითად, "ელიტ მოდელ ლუქია") პოლიტიკას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ "მის მსოფლიოზე", "მის სამყაროზე", "მის ინტერკონტინენტალზე" ალბათ, გავლენას ახდენს. პირადად მე, წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ.
- კარგა ხანს უცხოეთში მუშაობდი. გვიამბე, "ელიტ მოდელ ლუქის" კონკურსში გამარჯვების შემდეგ, შენი სამოდელო კარიერა როგორ განვითარდა?
- 2007 წელს "ელიტ მოდელ ლუქის" მსოფლიოს ფინალზე გავემგზავრე და "ტოპ 15"-ის მონაწილე გავხდი. იქ 2-წლიანი კონტრაქტი გამიფორმეს და ჩემი სამოდელო კარიერაც აქედან დაიწყო. პარიზში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გავემგზავრე და პირველ წარმატებასაც მივაღწიე - მოდელისთვის საჭირო პორტფოლიო გამიკეთეს, სატესტო ფოტოები გადამიღეს. ჩემი "ბუქი" პროფესიონალურ დონეზე შეიქმნა. მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის - "ლანვინის" 2007 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის მოდელი გავხდი. გადაღების მერე დიზაინერს მოვეწონე და "შოუ რუმში" ამიყვანა, სადაც ელტონ ჯონი გავიცანი. მან მითხრა: საქართველოში ასეთი ლამაზი გოგონები თუ იყვნენ, არ ვიცოდიო. 1 კვირაში პარიზში კონცერტი ჰქონდა. მოსაწვევი მომცა, წარწერით: With love from Elton Jhon to Tamta.
- კონცერტს დაესწარი?
- დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ მოვახერხე - დატვირთული დღის რეჟიმი მქონდა... 3 თვის შემდეგ, საქართველოში დავბრუნდი. იმ პერიოდში ქალბატონ იას აზიის ქვეყნების რამდენიმე სააგენტოდან შემოთავაზება ჰქონდა. მე ტოკიოში, 3-თვიანი სამოდელო კონტრაქტით გავემგზავრე. ცნობილი ჟურნალებისთვის ბევრი გადაღება მქონდა, ჩვენებებზე გამოვდიოდი, "ტოკიოს ფეშენ ვიკში" ვმონაწილეობდი... შემდეგ საქართველოში ჩამოვედი, გარკვეული პერიოდის მერე კი ჰონკონგში, 6 თვით გავემგზავრე, შემდეგ - შანხაიში, პეკინში, კორეაში... ჩემი ცხოვრების დიდი ეტაპი აზიაში დავყავი. ძირითადად, ჰონკონგში ვიყავი - სამოდელო კონტრაქტი იქაურ სააგენტოსთან მქონდა გაფორმებული, სადაც ცნობილი ტოპმოდელი გავხდი: კასტინგებზე სიარული არ მიწევდა - პირდაპირ კლიენტებთან ვმუშაობდი. იქ ყოფნის პერიოდში "ჯორდანოს" სახე (2011 წელს) გავხდი, 2012 წელს კი - "ნაინვესტის". "შანხაი ტანგი" ცნობილი ბრენდია - ჰოლივუდის ბევრ ვარსკვლავს აცმევს. მასთან კონტრაქტი მქონდა. "შანხაი ტანგის" ჩვენებისთვის ტეხასშიც ჩავფრინდი. ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში ვმოგზაურობდი.
სინგაპურშიც ვიყავი, სადაც რობერტო კავალი პირადად გავიცანი: სინგაპურის "ფეშენ ვიკი" მისი ჩვენებით დაიხურა. რობერტო კავალი კულისებში იყო. მითხრა: ისეთი აღნაგობა და ლამაზი სახე გაქვს, რომ აზიაში დრო არ უნდა დაკარგოო. სამუშაოდ მილანში მიმიწვია. ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი აზიაში იმიტომ გავატარე, რომ იქაურ სამოდელო ბაზარზე ჩემი გარეგნობა კარგად გაყიდვადი იყო, კარგი შემოსავალი მქონდა. ცნობილი ფაქტია, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადი სააგენტოები სწორედ აზიაშია. იღბლიანი მოდელი ვარ... ვიდრე საქართველოში გამოვემგზავრებოდი, 20-კილოგრამიანი ყუთი გამოვგზავნე. მათში ის ცნობილი ჟურნალები იყო მოთავსებული, რომლებშიც ჩემი ფოტოები იბეჭდებოდა.
- თამთა, ჩინელზე შენი გათხოვების შესახებ გავრცელებულ ჭორზე რას გვეტყვი?
- ნორმალურია, რომ სადაც მიდიხარ, იქაური მეგობრები გაიჩინო. მეც რამდენიმე ჩინელი მეგობარი მყავს. დაბადების დღეზე, მეგობრებთან ერთად სუფრასთან ფოტო გადავიღე და სოციალურ ქსელში ავტვირთე. ვიღაცამ, ვინც მეგობრების სიაში მყავდა, ფოტო აიღო და სტატია დაწერა, თითქოს ჩინელ მილიონერზე ვთხოვდებოდი... საერთოდ, პირად ამბებზე საჯაროდ ლაპარაკი არ მსურს...

- ჩვენს ქვეყანაში სპეციალურად "მის საქართველოს" კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნდი?
- არა. საქართველოში ზუსტად აღდგომის საღამოს ჩამოვედი - ანუ ჯერ "მის საქართველოს" კონკურსის რეგისტრაციაც არ იყო დაწყებული. 2 წლისა და 8 თვის განმავლობაში, ჩემი მშობლები, ახლობლები ნანახი არ მყავდნენ და ცხადია, ყველა მენატრებოდა. თან, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა - გადაბმულად მუშაობის გამო, გადავიღალე და დასვენება მჭირდებოდა; სტომატოლოგთანაც დავდიოდი... არც მეგონა, საქართველოში ამდენ ხანს თუ დავრჩებოდი.

უმუშევარი რომ არ ვყოფილიყავი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტში - "ღვინის ეროვნული სააგენტო" - მუშაობა დავიწყე, სადაც ხალხთან ურთიერთობის კოორდინატორი და პიარ-მენეჯერი გახლდით. საზღვარგარეთ პიარისა და მენეჯმენტის კურსები დავამთავრე და გარკვეული პერიოდი, ჟურნალ "კოსმოპოლიტენში" ვმუშაობდი... ამჟამად, სამოდელო კარიერას და პიარმენეჯერობას ერთმანეთს ვერ ვუთავსებ. ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან წამოვედი. ახლა მთელ აქცენტს "მის უნივერსის" კონკურსზე ვაკეთებ, შემდეგ კი სხვადასხვა "მოდის სახლთან" თანამშრომლობას განვაგრძობ.

ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)



 


მიმაგრება:
ნანახია: 1005 | დაამატა: happy | ტეგები: მის საქართველომ კომაში მყოფ მამას ო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რა კატეგორიის საიტზე შედიხართ ყველაზე ხშირად?
სულ პასუხი: 124