თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 18 » ტყავის შარვალი და სკოლის ”შელახული ღირსება” - ანუ ჩემი სასკოლო მოგონებები
09:34
ტყავის შარვალი და სკოლის ”შელახული ღირსება” - ანუ ჩემი სასკოლო მოგონებები

მალე სასკოლო ორომტრიალი დაიწყება - ახალი წიგნების, რვეულების, ფანქრებისა და ათასი წვრილმანის შეძენა. წელს ჩემმა შვილმა პირველი კლასი დაამთავრა. როგორ შეიცვალა ყველაფერი - სასწავლო პროგრამა, მიდგომები, სწავლის მეთოდები...

ყველა ბავშვს პერსონალური ”ბუკი” აქვს, სადაც სახალისო, შემეცნებითი და გასართობი პროგრამებია ჩატვირთული, რომლებიც ეხმარება ბავშვს, მხედველობითი მეხსიერებისა თუ ლოგიკური აზროვნების განვითარებაში. ჩემს დროს კი ”პენტიუმ 1” მოვლენა იყო.

მახსოვს, ინფორმატიკის გაკვეთილზე როგორი თვალებგაფართოებულები შევყურებდით ”IBM PS 2"-ს. ერთი სული გვქონდა, როდის მოვიდოდა ჩვენი რიგი, რომ პროგრამა ”პაინტ"-ში რაღაცები დაგვეხატა.

დღესაც ღიმილის გარეშე ვერ ვიხსენებ სკოლაში გატარებულ წლებს, ჩემს მეგობრებსა და სკოლის კურიოზებს.

ჩვენი ჟურნალის ივლისის ნომერში სახალისო ამბავი მოგიყევით საკურორტო რომანზე. გადავწყვიტე, ამჯერადაც წაგახალისოთ და სკოლის პერიოდიდან გავიხსენებ რამდენიმე ამბავს:

ამბავი პირველი: მოდის მსხვერპლი

მეათე კლასში რომ ვიყავი, დედაჩემის მეგობარმა გერმანიიდან შავი ტყავის შარვალი ჩამომიტანა. იმ უშუქობის, მოწყენილობის, უარაფრობის, უმობილურობის, უინტერნეტობის, უკომპიუტერობის და კიდევ ბევრი "უ"-ობის წლებში, ეს შარვალი რაღაც ძალიან განსაკუთრებული რამ იყო ჩემთვის.

ასეთი შარვალი თბილისში არავის ეცვა. მაშინ მოდაში იყო ”სტრეიჯები”, ტრაპეცია ქვედაბოლოები, საბოები (როგორ მეჯავრებოდა! ნამდვილი ”ნედაიბოგები”!). ყველას ერთ სტილში ეცვა. არც ვიყავით ფართო არჩევანით განებივრებულნი. მე კი საშუალება მომეცა, რაღაცით გამორჩეული ვყოფილიყავი და არც ვაციე და არც ვაცხელე - ავდექი და სკოლაში ამ ვიწრო ტყავის შარვალში გამოწყობილი გამოვცხადდი.

სიარულის დროსაც ვგრძნობდი, რომ ”პახოდკაც” სხვანაირი მქონდა! სახის გამომეტყველებაც, ხასიათიც კი შემეცვალა უცებ. შესვენებაზე დერეფანში გამოვედი. ყველა მე მიყურებდა. მგონი, შიშველი რომ მივსულიყავი, ასეთი ეფექტი არ ექნებოდა. საოცრად სასიამოვნო განცდა დამეუფლა.

პირველად ვიგრძენი, როგორ ამაღლდა ჩემს თავში საკუთარი თვითშეფასების კოეფიციენტი.

ფანჯარასთან დავდექი და იდაყვებით რაფას დავეყრდენი. მზის სხივები სახეს მითბობდა. სკოლის ხმაურიც კი სასიამოვნო მუსიკასავით ჩამესმოდა. ის იყო, თვალები დავხუჭე, რომ უეცრად ყურთან დირექტორის მკაცრი ტონით წარმოთქმული სიტყვები გამესმა: ”ჩემს კაბინეტში წამომყევი!!!”

თავზარი დამეცა! გამოვტრიალდი... დირექტორი უკვე კაბინეტისკენ მიაბიჯებდა. გოგოები კმაყოფილ-ირონიული მზერით მიმაცილებდნენ. მე აწურული წავბლაყუნდი, თითქოს ტყავის შარვალი ფეხებს მიწვავდა.

კაბინეტში რომ შევედი, მაშინღა გამახსენდა, რომ საღეჭ რეზინს ვღეჭავდი. იქვე გამაცია. რომ მოტრიალდეს და დაინახოს? შარვალი, ახლა ”კევი”...

”რა გზას დაადექი? მალე სიგარეტსაც მოსწევ!”- ან ამას მეტყოდა, ან უარესს. სიმწრისაგან პირში ნერწყვი დავიგროვე და საღეჭი რეზინი გადავყლაპე. ამასობაში დირექტორი მაგიდასთან მივიდა და დაჯდა. მე მის მოპირდაპირე მხარეს დავჯექი და შევხედე. ისე აღრაჭუნებდა საღეჭ რეზინს, კინაღამ ყბა გამარტყა! - სიცილი ძლივს შევიკავე.

- მაშ ასე! - დაიწყო. მე თავი დავხარე და ჩემს ტყავის მუხლებს დავაცქერდი.

- მართალია, ეს ტყავის შარვალი ძალიან გიხდება, მაგრამ მეტი აღარ ჩაიცვა! - სკოლას პატივი ვცეთ!

მეგონა, იოლად გადავრჩი, მაგრამ ხანმოკლე პაუზის მერე დაასრულა სათქმელი და მითხრა, რომ დასჯის მიზნით, სააქტო დარბაზში გამართულ ღონისძიებაში უნდა მიმეღო მონაწილეობა და გამოვსულიყავი თემით: ”რა უნდა გვეცვას სკოლაში”. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და სასოწარკვეთილი წავბლაყუნდი.

ამბავი მეორე: ”ქალბატონი გლეხის გოგო”

მეშვიდე თუ მერვე კლასში (ზუსტად არ მახსოვს) რუსულის მასწავლებელი შეგვეცვალა. ერთი ძალიან სასაცილო ქალი შემოვიდა, რომელიც რატომღაც ახალ დავალებას ქართულად გვიხსნიდა ხოლმე. ამჯერად უნდა აეხსნა ”ქალბატონი გლეხის გოგო”.

დაიწყო მოყოლა ქართულად და როდესაც კულმინაციურ მომენტს მიუახლოვდა... არა, ჯობია ეს სიტყვასიტყვით გადმოგცეთ:

- და აი, გამოდის ”ბარიშნა” გამობრილიანტებული, გამომარგალიტებული, გამოაბრეშუმებული, გამოფარჩაკებული... (ფარჩა - ძვირფასი ნაჭერი).

უნდა გენახათ, რა ამბავი ატყდა კლასში. თან, თუ ჩვენს ასაკსაც გაითვალისწინებთ, უფრო კარგად წარმოიდგენთ.

ამბავი მესამე: ”მთელი კლასი უკუღმა”

მეცხრე კლასში ქიმიის მასწავლებელი შეგვიცვალეს. ჩვენ ძველი გვინდოდა და გადავწყვიტეთ, რაღაც მოგვეფიქრებინა, რომ ახალი მასწავლებლისთვის ჩვენს კლასში შემოსვლის სურვილი დაგვეკარგვინებინა. ავდექით და ყველაფერი უკუღმა შემოვატრიალეთ.

მასწავლებლის მაგიდა, მერხები, სკამები... კლასში რაც იყო, ყველაფერი უკუღმა დავდგით. მერე მერხებზე დავსხედით კარისკენ ზურგით და დაველოდეთ. მან შემოსვლისთანავე კივილი ატეხა და დირექტორის მოსაყვანად გაიქცა. ჩვენ კიდევ ისეთი სიცილი აგვიტყდა, კარგა ხანს ვეღარ ვჩერდებოდით. - მიზანმა გაამართლა და ძველი მასწავლებელი დავიბრუნეთ.

ამბავი მეოთხე: ”დაკარგული კლასელი”

სკოლიდან სახლში რომ დავბრუნდი, მასწავლებელმა დარეკა, ჩვენი კლასელი დაკარგულა. მაშინ მეორე კლასში ვიყავით. მთელი სკოლა ფეხზე დადგა. სად არ ეძებეს. თურმე, იმ ბავშვს უფიქრია, ტროლეიბუსში ავალ და სახლში მე თვითონ მივალო და მთელი დღის განმავლობაში ტროლეიბუსში იჯდა და წრეებს ურტყამდა. ბოლოს მძღოლს შეუმჩნევია და ისევ სკოლასთან ჩამოუსვია.

ამბავი მეხუთე: ”მფრინავი შეშა”

ეს ამბავი მეათე კლასში მოხდა. ზამთარი იყო და ვინაიდან მაშინ სკოლებში გათბობა არ გვქონდა, შეშის ღუმლით ვთბებოდით.

იმ დღეს მორიგე ვიყავი. ბოლო გაკვეთილზე ვიღაცამ შეუკეთა ღუმელს და საკლასო ოთახს ვერ ვკეტავდი, ველოდი, როდის ჩაქრებოდა. ჩემს კლასელ ბიჭს შევეცოდე. ღუმლიდან გავარვარებული შეშა გამოიღო და ფანჯრიდან მოისროლა.

სანამ პირის გაღება მოვასწარი, რომ მეთქვა, რას შვრები-მეთქი, შეშა ვიღაცის მანქანას დაეცა. მძღოლის გინება მოგვესმა თუ არა, სასწრაფოდ კლასი დავკეტეთ და გიჟებივით გარეთ გავცვივდით.

დარწმუნებული ვარ, თქვენც ბევრი რამ გაგახსენდათ სკოლის პერიოდიდან. ახლა კი, ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ სკოლის მეგობრობა ვერ შევინარჩუნეთ - აღარ ვიკრიბებით ხოლმე. არადა, რამდენი რამ გვაქვს ერთად გამოვლილი. ბოლოს და ბოლოს, ერთად გავიზარდეთ!

სკოლა - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენს ცხოვრებაში და ვისაც შეგიძლიათ, იზრუნეთ იმაზე, რომ არ დაკარგოთ სკოლის მეგობრები... - ახლა ამისთვის ინტერნეტიც ხომ არსებობს?



 


მიმაგრება:
ნანახია: 1072 | დაამატა: happy | ტეგები: ტყავის შარვალი და სკოლის ”შელახული | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რა კატეგორიის საიტზე შედიხართ ყველაზე ხშირად?
სულ პასუხი: 124